• Ƀ/$

ვინ გახდება პრემიერი – გახარია, თუ ცქიტიშვილი?

3 სექტემბერი 09:55 | მედია ბიზნესისთვის - M2B

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომეზე დასასწრებადაც პარტიის ლიდერები, მათ შორის შს მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მივიდნენ. ისინი პრემიერ-მინისტრის კანდიდატებად განიხილებიან.

„ქართული ოცნების“ პრეს–სამსახურის ინფორმაციით, სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.


პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.


სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურასა და სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელებენ.


"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც "სირცხვილიას" ლიდერები პარტიის მთავარ ოფისთან მართავენ.


უკვე ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 2 სექტემბერს დატოვა. მან მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი მისია ამოწურა.


პრემიერის შეცვლის კონსტიტუციური პროცესის შესახებ:


საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, პარლამენტი ნდობას უმრავლესობის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის და მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება.


მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად დეპუტატთა ხმების უმრავლესობაა საჭირო.


იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტს დაითხოვს და საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.


სხვა სიახლეები