• Ƀ/$

Nexia TA Legal - მთავრობის #211 დადგენილება ეკონომიკაზე არსებულ წნეხს შეამსუბუქებს

2 აპრილი 17:50 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს მთავრობის 30 მარტის №204 დადგენილებით დაწესდა დამატებითი რეგულაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა.

აკრძალული იყო ისეთი საქმიანობებიც კი, როგორებიცაა, მაგალითად, თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა, დამკრძალავი ბიუროები და მასთან დაკავშირებული საქმიანობები, პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებებისა და ეკიპირების წარმოება/მიწოდება და სხვა. 


1-ელ აპრილის საქართველოს მთავრობის #211-ე დადგენილებით, დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ ის ხორციელდება დისტანციურად (სახლიდან გაუსვლელად). დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე, სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა). დამატებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1-ლი აპრილის №209 დადგენილებით განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც, შესაბამისი პირობებით, არ იზღუდება და დამტკიცდა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი 70-მდე მეწარმე სუბიექტის ჩამონათვალი, რომელთაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. 


საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Nexia TA–ს იურიდიული მიმართულების Nexia TA Legal-ის უფროსი იურისტის შოთა მახათაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობიდან გამომდინარე, 30 მარტის დადგენილებაში არსებობდა რამდენიმე ხარვეზი, რომელთა ნაწილიც უკვე გამოსწორებულია და ნაწილიც, ალბათ, უახლოეს მომავალში გამოსწორდება. 


მისი თქმით, დადგენილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი იყო სწორედ დასაშვებ საქმიანობად დისტანციური ფორმით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არგათვალისწინება. დადგენილების საფუძველზე 2020 წლის 31 მარტიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით, ფაქტობრივად, აკრძალული იყო დისტანციური ფორმით მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საქმიანობა არ ექცეოდა მკაცრად დადგენილ საგამონაკლისო საქმიანობებში. 


„30 მარტს გამოცემული დადგენილების მიხედვით, აიკრძალა ეკონომიკური საქმიანობები და დაწესდა გამონაკლისები, რომელშიც არ შედიოდა დისტანციური ფორმით განხორციელებული სხვა ეკონომიკური საქმიანობები. შესაბამისად, ფაქტობრივად, რამდენიმე დღის განმავლობაში აკრძალული იყო სახლიდან მუშაობაც. თუმცა, ეს უკვე გამოსწორდა ახალი დადგენილების მიხედვით და დასაშვები გახდა სახლიდან ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. ასევე, დასაშვები გახდა სახლის გარეთ სამსახურში მისვლა, არაუმეტეს 5 ადამიანისა, ეს იმ შემთხვევაში, თუ არის კრიტიკული აუცილებლობა. მაგალითად, თუ ეს ეხება ისეთ მომსახურებას, როგორიცაა იურიდიული, აუდიტორული, სააღრიცხვო, საბუღალტრო მომსახურება – ქსეროასლის გადაღება სამსახურში, დასკვნის დაბეჭდვა, აწყობა, აკინძვა, რომელიც კონკრეტული დროით უნდა იყოს შემოსაზღვრული. ანუ სამსახურში უნდა ვიმუშაოთ არა მთელი დღის, არამედ გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნა შოთა მახათაძემ. 


მისი თქმით, 2020 წლის 1-ლი აპრილის საქართველოს მთავრობის #211 დადგენილების მოქმედება გავრცელდა 2020 წლის 31 მარტისა და 1-ლი აპრილის პერიოდზეც. შესაბამისად, პირები ვინც ამ პერიოდში დისტანციურად ახორციელებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, არ მიიჩნევიან სამართალდამრღვევებად და თუ ამ საფუძვლით მოხდა რომელიმე პირზე სანქციის დაკისრება, ასეთი სანქცია ექვემდებარება გაუქმებას. 


შოთა მახათაძის შეფასებით, ამ ცვლილების განუხორციელებლობა კიდევ უფრო მეტ დარტყმას მიაყენებდა ეკონომიკას და ისეთი საქმიანობები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს დისტანციურად, ფაქტობრივად, აიკრძალებოდა. შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩებოდა როგორც ბიზნესი, ისე ფიზიკური პირები, რომლებსაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შეუფერხებლად შეუძლია განახორციელოს საკუთარი საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში. ასეთი საქმიანობით კი საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი სპექტრია დაკავებული. 


„არის კიდევ გარკვეული ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს გამოსწორებას. მაგალითად, აკრძალულია სურსათის შემნახველი სამაცივრე მოწყობილობების წარმოება/რეალიზაცია, ტარის გარდა სურსათთან დაკავშირებული დამხმარე ჭურჭლის წარმოება/რეალიზაცია, სურსათის გარდა სხვა პროდუქციის ონლაინ გაყიდვა და სხვა. ვფიქრობთ, კიდევ რამდენიმე ცვლილება განხორციელდება. 70-მდე მეწარმე სუბიექტს უკვე მიეცა საქმიანობის განხორციელების უფლება, რადგან მათი საქმიანობა აუცილებელია ეკონომიკისთვის. ვფიქრობ, კომპანიების ჩამონათვალი დროთა განმავლობაში გაიზრდება და დაემატება დასაშვები ეკონომიკური საქმიანობებიც, რადგან ბევრი ისეთი საქმიანობა შეიზღუდა, რომლებიც აუცილებელია ქვეყნისთვის“, - აცხადებს შოთა მახათაძე.


სხვა სიახლეები