• Ƀ/$

ყირიმში გერმანულ Lufthansa-სთან ასოცირებული ორგანიზაცია მუშაობს?!

11 დეკემბერი 13:34, 2019 წელი | ანალიტიკა

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით ოპერირებს ორგანიზაცია, რომელიც ცნობილ გერმანულ Lufthansa-სთან  არის დაკავშირებული.

აღნიშნულის შესახებ „რადიო თავისუფლების“ და „ამერიკის ხმის“ საერთო ტელეარხის (www.currenttime.tv) და ანტიკორუფციული პროექტის -  „მუნიციპალური სკანერის“ (www.munscanner.com) მიერ ერთობლივად განხორციელებული გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი. მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება თითქმის ორი წლის მანძილზე „ყირიმის არქივის“ სახელით მიმდინარეობდა.


2014 წელს, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ რუსულმა ე.წ. კეიტინგ (საკვების მიწოდების/მომსახურების სერვისი) კომპანია CJSC Aeromar-მა სევასტოპოლში ფილიალი გახსნა. აღნიშნულ ფილიალს ცალკეული იურიდიული პირის სახე არ აქვს და მის შესახებ ჩანაწერი რუსეთის იურიდიული პირების ერთიან სახელმწიფო რეესტრში (www.egrul.nalog.ru) 2014 წლის 26 ივნისს კომპანია CJSC Aeromar-ის ვებ-გვერდზე (www.aeromar.ru) გამოჩნდა. ამავე წლის 3 ივლისს, ორგანიზაციაში განაცხადეს ავიაკომპანია „რუსეთის“ პირველი სპეციალური საზაფხულო რეისის მომსახურების შესახებ.


CJSC Aeromar-ის 51%-იან საკონტროლო პაკეტს „აეროფლოტი“ ფლობს, ხოლო დანარჩენ 49%-ს შვილობილი ბრიტანული და გერმანული კომპანიების სახით, გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa AG ფლობს.



სევასტოპოლის გარდა, დამატებით სიმფეროპოლის CJSC Aeromar-ის ფილიალი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.zakupki.gov.ru) ფიგურირებს. 2015 წლის აგვისტოში, შენობა, რომელიც სიმფეროპოლის ფილიალს იჯარით აქვს აღებული, $38 000 ოდენობის სახელმწიფო კონტრაქტით შეაკეთეს.


ევროკავშირის სანქციები ყირიმის ნახევარკუნძულზე ტურიზმისა და სატრანსპორტო სექტორის ინვესტიციებს პირდაპირ კრძალავს. Deutsche Lufthansa AG–სთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობა განიხილება თუ არა სანქციების დარღვევად, ევროპულ სასამართლოს შეუძლია დაადგინოს. საჩივარი ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში გერმანიაში სასანქციო კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანოს მხრიდან უნდა წარმოიშვას.


ტელეარხმა www.currenttime.tv-მ 2018 წლის აპრილში გერმანიის ფინანსთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებაში საკითხი გაგზავნა, მაგრამ პასუხი ამ პუბლიკაციის გამოქვეყნების დროსაც (10 დეკემბერს) არ მიუღია.


გერმანული Lufthansa Group–ის სათაო ოფისში www.currenttime.tv-ის დაპირდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე შეძლებისდაგვარად სწრაფად მოამზადებდნენ პასუხს, მაგრამ ორი კვირის შემდეგ პასუხის გაცემაზე უარი განაცხადეს.


„სამწუხაროდ კომენტარს ვერ გავაკეთებთ თქვენს მოთხოვნაზე, მადლობა გულისხმიერებისთვის“, - განაცხადა LSG group-ის საერთაშორისო კომუნიკაციების დირექტორმა კერსტინ სინტია ლაუმ ელ-ფოსტის მეშვეობით.


საკითხზე პასუხის გაცემას, მარტის შუა რიცხვებიდან, რუსულ CJSC Aeromar-შიც დაპირდნენ ტელეარხ www.currenttime.tv-ს, მაგრამ მათაც დღემდე კომენტარი არ გაუკეთებიათ ამ თემასთან დაკავშირებით.


9 დეკემბერს, კომპანიაში განაცხადეს, რომ 2020 წელს LSG group-ის „კეიტინგ კომპანიის“ ევროპული ნაწილის გაყიდვას აპირებენ.


„რადიო თავისუფლება“ (www.currenttime.tv) და ანტიკორუფციული პროექტი -  „მუნიციპალური სკანერი“ (www.munscanner.com) თითქმის ორი წელი ერთობლივად იკვლევდნენ ბიზნეს-საქმიანობებს ანექსირებულ ყირიმში. ჟურნალისტებმა ასობით ევროპული, ამერიკული, რუსული, უკრაინული კომპანია აღმოაჩინეს, რომლებიც ნახევარკუნძულთან დაკავშირებით საერთაშორისო სანქციებს არღვევდნენ.


რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წლის მარტში, ე.წ. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე განახორციელა, რომელიც შეიარაღებული ფორმირებების თანხმებით მიმდინარეობდა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყირიმის ანექსია უკანონოდ შეაფასეს და დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესეს. თავის მხრივ კრემლი უარყოფს ნახევარკუნძულის ანექსიას და მას „ისტორიული სამართლიანობის აღდგენას“ უწოდებს.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები