• Ƀ/$

თურქეთის ახლო აღმოსავლური ინტერესები - რამდენიმე სახელმწიფოსთან გამწვავებული ურთიერთობა

12 დეკემბერი 13:15, 2019 წელი | ანალიტიკა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ქვეყნებს შორის ენერგეტიკისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში სამომავლო გეგმები განიხილეს. სატელეფონო კავშირი თურქული მხარის ინიციატივით განხორციელდა.

მხარეებმა ორმხრივი პარტნიორობის სხვა პრიორიტეტულ თემებზეც იმსჯელეს, მათ შორის ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით. ერდოღანმა პუტინთან ნატოს ლონდონის სამიტის მიმდინარეობაც მიმოიხილა.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სირიაში არსებულ სიტუაციაზე. ორი ქვეყნის პრეზიდენტი მზადაა კოორდინირებული ძალისხმევის გასაძლიერებლად ტერორისტული საფრთხეების განეიტრალების პროცესში, მათ შორის იდლიბის პროვინციასა და ამ სახელმწიფოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.


ერდოღანსა და პუტინს სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის პროდუქტიული მუშაობის იმედი აქვთ და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური დიალოგის წარმოებაში.


თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ლიბიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხსაც შეეხნენ და ტრიპოლის რეგიონში მომხდარი შეტაკებების გამო შეშფოთება გამოთქვეს. ისინი ცეცხლის შეწყვეტასა და მხარეებს შორის მშვიდობიან მოლაპარაკებებს ემხრობიან.


ჰაფთარი თურქეთს აფრთხილებს


ლიბიის ეროვნული არმიის (Libyan National Army – LNA) გაერთიანებული შტაბის უფროსი ფარაგ ალ-მაჰდავიმ გუშინ, 11 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი სამხედრო ძალები ლიბიის სანაპირობების სიახლოვეს გამოჩენილ ნებისმიერ თურქულ გემს ჩაძირავენ.


„მე ბრძანება მაქვს მიღებული [გადამდგარი გენერლის, ხალიფა ჰაფთარისგან], რომ ჩვენს სიახლოვეს თურქული საზღვაო ხომალდები გავანადგურო“, - აღნიშნა ალ-მაჰდავიმ.


ლიბიის ეროვნულ არმიაში (LNA) ოფიციალურად აღნიშნეს, რომ არ დაუშვებენ თურქეთისა და გაეროს მიერ მხარდაჭერილი ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის (Government of National Accord – GNA) შეთანხმების იმპლემენტაციას, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საზღვრების დადგენას გულისხმობს.


ზემოხსნებულით ლიბიის ეროვნულმა არმიამ (LNA) პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას გასცა პასუხი, რომლის თქმით იგი შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში [ტრიპოლიში არსებული ფაეს ალ-სერაჯის ხელისუფლება] მზადაა თურქეთის შეიარაღებული ძალები ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის (GNA) დასაცავად გაგზავნოს.


მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელს არ შეუშლის ლიბიაში იარაღის განთავსების შესახებ გაეროს მიერ დაწესებულ ემბარგოს.


4 აპრილიდან გენერალ ხალიფა ჰაფთარის ძალები (LNA) შეტევებს ახორციელებენ დედაქალაქ ტრიპოლიზე, რათა ეროვნული თანხმობის მთავრობისგან (GNA) გაათავისუფლონ.


ჩავუშოღლუ: „თურქეთსა და ლიბიას შორის შეთანხმება ჯარების განლაგებას არ გულისხმობს“


ანკარასა და ტრიპოლის შორის უსაფრთხოების ხელშეკრულების იმპლემენტაცია არ შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვით თურქეთის შეიარაღებული ძალები ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგდებიან.


აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, პრეზიდეტ ერდოღანის გუშინდელი, 11 დეკემბრის განცხადების შემდეგ.


ორი კვირის წინ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობასა (GNA) და თურქეთს შორის გაფართოებული უსაფრთხოების ხელშეკრულებას და საზღვაო საზღვრების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.


ჩავუშოღლუს თქმით აღნიშნული ხელშეკრულება ძირითადად წვრთნებზეა ორიენტირებული და არ შეიცავს რაიმე სახის დებულებას ჯარების გაგზავნის თაობაზე.


„მსგავსი ტიპის შეთანხმება ჩვენ წარსულში გვქონდა და ახლა მხოლოდ მისი განახლება ხდება. ხოლო პრეზიდენტის განცხადება გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ლიბიის მთავრობის თხოვნის შემთხვევაში შევაფასებთ და განვიხილავთ ამ საკითხს“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


ლიბია 2014 წლიდან სამხედრო და პოლიტიკურ ბანაკებად, ტრიპოლსა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილებს შორის დაიყო. თურქეთი მხარს ეროვნული თანხმობის მთავრობას (GNA) უჭერს მხარს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გენერალ ხალიფა ჰაფთარის ძალებს (LNA) არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე უჭერენ. ამ უკანასკნელს რუსული კერძო სამხედრო დანაყოფის „ვაგნერის“ მებრძოლებიც ეხმარებიან.


ივნისში ლიბიის ეროვნულ არმიაში (LNA) განაცხადეს, რომ ისინი წყვეტენ ანკარასთან ყველანაირ კავშირს და ნებისმიერი თურქული საჰაერო ან საზღვაო კომერციული ხომალდის ჩასვლა ამ სახელმწიფოში მტრულად აღიქმება.


აშშ-ში ლიბიის კონფლიქტის დასრულება სურთ


შეერთებული შტატების ხელისუფლებას რუსეთთან ერთად სურს მუშაობა, რათა საბოლოო წერტილი დაუსვას ლიბიის სამოქალაქო ომს.


აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაეროს ემბარგოს შესახებ შეახსენა.


შტატებში თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს უჭერენ მხარს


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას დაუჭირეს მხარი.


კომიტეტის წევრებმა ინიციატივა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტი სენატს კენჭისყრისთვის წარედგინება.


ოქტომბერში, წარმომადგენელთა პალატამ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ დოკუმენტი მიიღო, ამ ქვეყნის მიერ სირიის ჩრდილოეთში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ.


ამჟამინდელი რეზოლუცია სანქციების დაწესებას გულისხმობს თურქეთის ლიდერების, აგრეთე ენერგეტიკული სექტორისა და ფინანსური სისტემის წინააღმდეგ. გარდა ამისა, იგი შეიცავს დებულებას „ამერიკის მოწინააღმდეგეთა ქმედებების საპასუხოდ, სანქციების გამოყენებით შესაბამისი ზომების მიღების შესახებ“, რომელმაც შესაძლოა თურქული აქტივები გაყინოს, ვიზებზე და კრედიტებზე წვდომა შეზღუდოს, რუსული ანტისარაკეტო კომპლექსს S-400-ის შეძენის გამო.


ანკარაში სანქციების შესაძლო დაწესებაზე კომენტარს აკეთებენ


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის მიერ ანტითურქული სანქციების მომზადებას გმობს.


„კონგრესის ორი პალატის ანტითურქული წრეების მიერ მომზადებული ინიციატივა წარმოადგენს ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებების უპატივცემულობას, რომელიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთანაა კავშირში. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის კონგრესს იმოქმედოს გონივრულ ჩარჩოებში და კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს, რომელიც ზიანს არ მიაყენებს ჩვენს საერთო მიზნებს, რომლებიც კიდევ ერთხელ დადასტურდა უკანასკნელ კვირებში შემდგარი მაღალი დონის შეხვედრებისას“, - აღნიშნული საგარეო უწყების განცხადებაში.


ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ ქალინმა, რომლის თქმით ამერიკული სანქციები ანკარის გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს.


„კონგრესის შემდეგ დოკუმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზე მოხვდება და ჩვენ ვიცით რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჩვენს მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ამავდროულად, ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს S-400-ებთან დაკავშირებით ჩვენს გეგმებზე, პროცესი გაგრძელდება და ამ თემაზე უკანდახევა არ მოხდება. ამ ანტისარაკეტო კომპლექსს ჩვენი სამხედროები გააკონტროლებენ“, - განაცხადა ქალინმა.


მისი თქმით, ნატომ, თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ანკარას თხოვნით ანტისარაკეტო კომპლექსი „პატრიოტი“ თავდაპირველად  განათავსა, შემდეგ კი ამ ტერიტორიიდან აღნიშნული შეიარაღება გაიტანა. სწორედ ამის გამო მოუწია თურქულ მხარეს რუსული S-400-ის შეძენა.


პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით ამერიკული F-35 ტიპის გამანადგურებლების თემა, ამერიკელი კონგრესმენების „დამსახურებით“ დიდი ხანია გასცდა სამხედრო სფეროს და ის სრულად საშინაო პოლიტიკის ინსტრუმენტად არის ქცეული.


ანკარა კვიპროსის წყლებში ძალის გამოყენებით იმუქრება


კვიპროსის წყლებში ბუნებრივი აირის ნებისმიერი ტიპის საძიებო-საბურღი სამუშაოების შესაჩერებლად თურქეთმა შესაძლოა სამხედრო ძალები გამოიყენოს.


საგარეო უწყების ხელმძღვანელის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა იტოვებს უფლებას „ნებისმიერი არასანქცირებული“ ბურღვითი სამუშაოები აღკვეთოს, თუ ჩათვლის, რომ ის მის კონტინენტურ შელფზე ხორციელდება.


ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც თურქეთი პრეტენზიას აცხადებს წარმოადგენს კვიპროსის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას (EEZ), სადაც სხვადასხვა კომპანიებმა, მათ შორის ფრანგულმა TOTAL-მა და იტალიურმა ENI-მ კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობისგან ერთობლივად განსახორციელებელი საძიებო-საბურღი ლიცენზია მიიღეს.


ამ ორი კომპანიისგან შექმნილ კონსორციუმს უფლება აქვს კვიპროსის ექსკლუზიური ეკოონმიკური ზონის ე.წ. 13 ბლოკიდან 7-ზე საძიებო სამუშაოები განახორციელოს. კონსორციუმში აღნიშნეს, რომ ახალი წლიდან ისინი საძიებო სამუშაოების მომდევნო ეტაპს დაიწყებენ.


ამ ტერიტორიებზე მოქმედ სხვა ლიცენზირებული კომპანიებს შორის შედიან ExxonMobil Qatar Petroleum-თან თანამშრომლობით, აგრეთვე ტეხასური Noble energy-ის, ჰოლანდიური Shell-ის და ებრაული Delek-ისგან შემდგარი კონსორციუმი.


თავის მხრივ თურქეთი აცხადებს, რომ მას აქვს პრეტენზია ხმელთაშუა ზღვის ფართო ზოლზე, რომელიც უზრუნველყოფილია მასსა და ლიბიას შორის დადებული მემორანდუმით, რომელიც ამ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარს უზრუნველყოფს.


საბერძნეთი, ეგვიპტე და კვიპროსი, რომლებიც გეოგრაფიულად ამ ორ ქვეყანას შორის მდებარეობენ დაგმეს აღნიშნული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალურმა ათენმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიბიის ელჩი გამოიძახა.


კვიპროსის რესპუბლიკა თურქეთს ჰააგის სასამართლოში უჩივის მისი სუვერენული უფლებების დარღვევის გამო. ივლისში ანკარამ საძიებო-საბურღი ხომალდი სამხედრო გემების თანხლებით გაგზავნა კვიპროსის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში შესაბამისი სამუშაოების განსახორციელებლად, მათ შორის იმ ტერიტორიაზეც, რომელშიც Eni-TOTAL-ის კონსორციუმი მოქმედებს.


წინა წელს თურქულმა სამხედრო გემებმა იტალიური Eni-ის კუთვნილ საბურღ ხომალდის მოძრაობა დაბლოკეს.


დამატებით, კვიპროსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საფრანგეთთან და იტალიასთან ერთად დღეს, 12 დეკემბერს კუნძულის სამხრეთ ნაწილში ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები