ლიბერთის მხარდაჭერით, რეგიონებში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“(RDYE) პროექტი გრძელდება

ბიზნესი 1684907479
ახალგაზრდული მეწარმეობა

საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებითა და ლიბერთი ბანკისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს მასშტაბურ პროექტს - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE). ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს.

დღეს, „პულმან თბილისში“ საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მარტში 22 მეწარმე, ხოლო ამჯერად 16 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა. 

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს საქართველოში „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა, RDYE პროექტის დირექტორმა უჩა ვარამაშვილმა და ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური.

ღონისძიების ფარგლებში, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელმა ახალგაზრდა მეწარმეებმა, რომლებმაც დაასრულეს RDYE პროექტის ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნესს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა და მოამზადეს ბიზნესს გეგმები, მონაწილეობა მიიღეს პროექტის საგრანტო კონკურსში და საკუთარი პროდუქციის გამოფენაზე წარმოადგინეს.

ღონისძიებაზე მოწვეულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ პირადად გასცნობოდნენ პროექტის მონაწილეებს, დაეთვალიერებინათ მათი პროდუქცია, დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, მხარი დაეჭირათ ახალგაზრდა მეწარმეებისთვის და თავისი წვლილი შეეტანათ სოფლად ახალგაზრდული მეწარმეობისა და საქართველოს რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების საქმეში.

„RDYE პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამიზნე რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას. ამისათვის პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში უკვე გადამზადდა 700-ზე მეტი, ხოლო სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 800 ახალგაზრდის გადამზადება მეწარმეობის მიმართულებით და მათთვის დაფინანსების შესაძლებლობის მიცემა. დღევანდელ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ პროექტის ფინანსური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი საწარმოების განვითარებას შეძლებენ სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ეს კი დამატებითი ეკონომიკური სტიმული იქნება არამარტო გამარჯვებულთათვის, არამედ რეგიონში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისთვისაც, რათა გააქტიურდნენ და უფრო მეტად ჩაერთონ სათემო განვითარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში“, - აცხადებს უჩა ვარამაშვილი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის დირექტორი.

„ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის განვითარებაში. პროექტის მიმდინარეობისას, გავიცანით ახალგაზრდა მეწარმეები ძალიან საინტერესო ბიზნესს იდეებით. ფინანსური განათლება და ფინანსური კონტრიბუცია კი ამ ახალგაზრდებს აუცილებლად დაეხმარება შექმნან წარმატებული და პასუხისმგებლობიანი კომპანიები, გაძლიერდნენ და თავის წვლილი შეიტანონ რეგიონის გაძლიერებასა და მიმზიდველობაში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნავს ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.