1766990975
„ახალგაზრდობის ხმის“ პროექტის გრანდიოზული შემაჯამებელი ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა
დღეს „დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის“ პროექტ „ახალგაზრდობის ხმის“ გრანდიოზული შემაჯამებელი ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში გაიმართა. პროექტი “ახალგაზრდობის ხმა” მხარდაჭერილია საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ და ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით დებატების ინსტიტუტის კონსულტანტებისა და საერთაშორისო ტრენერების ჩართულობით.
დაჯილდოების ცერემონიალზე მოხდა საქართველოს 20 მუნიციპალიტეტის: ონის, წალკის, ხარაგაულის, გორის, კასპის, წეროვნის, ხაშურის, თბილისის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ბაღდათის, ფოთის, ბათუმის, საგარეჯოს, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, თელავისა და სამტრედიის ყველაზე წარმატებული მოდებატეებისთვის საგანგებო თასების გადაცემა და პროექტის აქტიური მონაწილეების სერტიფიცირება. ღონისძიებას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ერთად, დაესწრონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს, ასევე პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტების მერიების, განათლების რესურსცენტრების წარმომადგენლები, ასევე სკოლების დირექტორები და ადგილობრივი თემის წევრები, ჯამში 300-ზე მეტი სტუმარი.
პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა მონაწილეების შერჩევა რამდენიმეეტაპიანი შესარჩევი კონკურსის გზით, 700-ზე მეტი აპლიკანტიდან შეირჩა 20 მუნიციპალიტეტში 15 მონაწილე. შემდეგ კი შერჩეულ ჯგუფებთან დაიწყო ინტენსიური ტრენინგების ციკლი სამიზნე მუნიციპალიტეტებში. პროექტის მეორე ეტაპზე ტრენინგის მონაწილეები დებატების რეგიონულ ჩემპიონატში ჩაერთნენ, რასაც 1000-ზე მეტი პირი დაესწრო ყველა რეგიონიდან. საბოლოოდ ყველაზე წარმატებული მოდებატეები ეროვნულ ჩემპიონატზე მოხვდნენ.
პროექტში სრულიად უსასყიდლოდ ჩართულები იყვნენ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები. ის მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
პროექტი დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2025 წლის საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებში.



