1765452041
აჟიოტაჟია ატეხილი, ადამიანები საკმარისზე მეტ კვერცხს ყიდულობენ - „კუმისი“
„აჟიოტაჟია ატეხილი და ადამიანები ყიდულობენ საკმარისზე მეტ კვერცხს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კუმისის“ დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირაა მოქალაქეები ქვეყანაში მოქმედ ქსელურ მარკეტებში დახლებზე კვერცხის ნაკლებობასთან დაკავშირებით საუბრობენ. როგორც მეფრინველეობის ასოციაციაში „ბიზნესპრესნიუსს“ უცხადებდნენ, კვერცხის რაოდენობის კლება იმპორტის შემცირებამ გამოიწვია. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომარაგების შეფერხების მიზეზი ფრინველებში გრიპის გავრცელება იყო, რამაც ადგილობრივი წარმოება შეამცირა. ფრინველის გრიპის გავრცელებას არ ადასტურებენ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, ფრინველში რაიმე სახის დაავადების გავრცელების შესახებ, დარგის წარმომადგენლებისგან არცერთი შეტყობინება არ მიუღიათ.
როგორც კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორმა გვითხრა, ამ კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება დაახლოებით, 10 დღეში დასტაბილურდება.
„აჟიოტაჟია ატეხილი. საკმარისი რომ არის 4 ცალი კვერცხი, მაგის მაგივრად ადამიანები ყიდულობენ 20 ცალს. ფიქრობენ, შეიძლება გაწყდეს და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი ამას მიება. დარწმუნებული ვარ, 1 კვირაში ან 10 დღეში ეს აჟიოტაჟი ჩაივლის.
ძალიან ჰგავს აჟიოტაჟის, სენსაციის შემთხვევას, რომელიც ნამდვილად ვერ ამოვხსენით. ვერ ამოვხსენით იმიტომ, რომ ფიზიკურად რასაც ვაწვდიდით, იმ რაოდენობას ვაწვდით ისევ და შეფერხება არაფერში არ გვქონია. მე თვითონ შევესწარი, შემხვდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ნაყიდი 50 ცალი კვერცხი. ვკითხე, რატომ იყიდე - მეთქი და რას ლაპარაკობ, იქნებ გაწყდესო. წინა დღეებში ცოტა იყო ძალიან და ნახევარი ჩემს შვილსაც უნდა მივცეო.
იმ ადამიანს 50 კვერცხი ნამდვილად არ სჭირდება. ეგეთი ინფორმაციები ბევრი მომდის ნათესავებისგან, ახლობლებისგან, რომ ბევრი კვერცხი უნდა ვიყიდოთ. ყველას ვეუბნები, რას ამბობთ, ეს ალოგიკურია.“, - აცხადებს „კუმისის“ დირექტორი.
მისივე ინფორმაციით, „კუმისმა“ წელს იმაზე მეტი პროდუქცია აწარმოა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
„ქათამს და ზოგადად ცოცხალ ორგანიზმს ვირუსი და დაავადება ყოველთვის აქვს, მაგრამ ეს აჟიოტაჟია, რომელიც ახლა კვერცხთან დაკავშირებით არის ატეხილი, რომ თითქოს დაავადების გამო არის რაღაც შეფერხება და ასე შემდეგ. მე არავისზე სხვაზე არ შემიძლია საუბარი, მაგრამ ჩემს კონკრეტულ ფაბრიკაზე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი პრობლემა და შეფერხება არ გვაქვს. იმაზე მეტ პროდუქციას ვაწარმოებთ, ვიდრე წინა წელს. შემიძლია რიცხვებშიც ვთქვა. 12.5%-ით მეტი პროდუქცია ვაწარმოეთ ნოემბრის ჩათვლით, ვიდრე გასული წლის 11 თვეში. დეკემბერში კიდევ უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა გოგიტა მაისურაძემ.



