1733738781
ბიზნესის მხრიდან ნებართვებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა და მივიღეთ „საცობები“ - ლევან ვეფხვაძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე 2022 წლის ბიზნეს განწყობებსა და გამოწვევებს აჯამებს. გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას, მან მთელი წლის ტენდენცია პერიოდების მიხედვით მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ბიზნესმა საინვესტიციო აქტივობების გაფართოება ზაფხულიდან დაიწყო.
„იანვარ-თებერვალში პანდემიის გამო, ომიკრონის ტალღის „აფეთქების“ დროს, ბიზნესაქტივობები კვლავ შეფერხებული იყო, ვიზიტორების მობილობა კი გაჩერებული. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვმსჯელობდით, როგორ შეიძლებოდა სცენარი განვითარებულიყო და სად იქნებოდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. შესაბამისად, ვემზადებოდით აპოკალიფსური სცენარისთვის. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ საქართველოში ტვირთბრუნვა თითქმის გაათმაგდა, ვიზიტორების რაოდენობა განსაკუთრებით უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის ხარჯზე გაიზარდა, შესაბამისად, დავინახეთ, რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები ჩაისხა. ამ დინამიკაზე ბიზნესმა ზაფხულიდან დაიწყო აქტიური რეაგირება, ანუ საინვესტიციო აქტივობების გაფართოება“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ბოლო რამდენიმე წელია ბიზნესის ასეთი მყისიერი რეაგირება არ ახსოვს. კერძოდ, ბიზნესმა გაფართოების შესაძლებლობა დაინახა და დაიწყო ინვესტირება.
„თუმცა, ერთია პოზიტიური განწყობები, და სურვილი, რომ გავაფართოოთ ბიზნესი, მაგრამ მეორეა ის წინაღობები, რომლებიც შეზღუდული აქტივობების დროს თვალში არ გვხვდებოდა, ახლა კი თვალშისაცემი გახდა. განსაკუთრებით აღვნიშნავ მარეგულირებელ გარემოს, ბიუროკრატიას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარკვეულ შეფერხებებს. ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა, ნებისმიერი ტიპის ბიზნეს აქტივობას კი სჭირდება გარკვეული ნებართვების ერთობლიობა და ამ ნებართვებზე საჯარო სექტორთან ყველა ერთად მივედით. შედეგად მივიღეთ „საცობები“, რომელმაც შეაფერხა პროცესები“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
გარდა ბიუროკრატიული პრობლემებისა, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბიზნესისთვის 2022 წლის მეორე მნიშვნელოვან პრობლემად კვალიფიციური კადრების დეფიციტი დაასახელა.
„ინვესტიციების ჩადების და გაფართოების დროს საჭიროა ახალი დანადგარები და გადაწყვეტები, რაც თავის მხრივ ახალ ტექნოლოგიებს უკავშირდება, მათ შემოსატანად კი ადამიანებია საჭირო, ვინც ამას მოემსახურება. აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ სრული „ყამირია“, ვინაიდან თუ კი შარშან კვალიფიციურ სამუშაო ძალასთან დაკავშირებული პრობლემები ბოლო ადგილზე იყო, წელს მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამასთან, თუ წლის დასაწყისში პრობლემა მოთხოვნის სიმცირე იყო, წლის ბოლოს მოთხოვნის სიმცირის პრობლემა აღარავის აწუხებს“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.