„ჩვენი სეგმენტი არის საშუალო პლუსი და ზედა სეგმენტი, შესაბამისად, „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე“

ბიზნესი 1773299276
გუდვილი

„ჩვენი სეგმენტი არის საშუალო პლუსი და ზედა სეგმენტი, შესაბამისად, „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე“, - ამის შესახებ ამის შესახებ „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეექვსე სამუშაო სხდომაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ საცალო ქსელების ოპერატორები.

„ჩვენ ერთი რთული მომენტი გვაქვს, ჩვენ ვდგავართ მომხმარებლის თვალწინ და მან საერთოდ არ იცის, როგორ მოხვდა ეს პროდუქტი ამა თუ იმ სუპერმარკეტის დახლზე. კარაქის ერთ-ერთმა მომწოდებელმა ერთ დღეში 25%-ით გააძვირა პროდუქტის ფასი. მეც, უბრალოდ, რა მარჟაც მქონდა, იგივე დავიტოვე და რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში ატყდა ერთი ამბავი იმასთან დაკავშირებით, სუპერმარკეტებმა როგორ გააძვირეს კარაქი.

რაღაცები რომ ძვირდება ან არ ძვირდება, ამას ძირითადად, ობიექტური მიზეზები გააჩნია. მეორე მხრივ, თქვენ ყველანაირ ინფორმაციაზე გაქვთ წვდომა, ჩვენი ანგარიშგებები საჯაროა და შეგიძლიათ გადახედოთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჯამური ამონაგები შეიცვალა ქსელების?! ფასები კი იზრდება. მოგებაზე არ ვსაუბრობ, ეს ისეთი რამეა, ვიღაც შეიძლება ოპტიმიზირებულია, ვიღაც არ არის

პრინციპი მარტივია, ყველა ქსელი მოტივირებულია იმისთვის, რომ თავისი სეგმენტის მომხმარებლებს მაქსიმალურად მისაღები და საინტერესო პირობები შესთავაზოს. „გუდვილის“ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ საშუალო მინუს და სხვა სეგმენტზე, ჩვენი სეგმენტი არის საშუალო პლუსი და ზედა სეგმენტი. კოლეგა საუბრობდა აქ, რომ სხვადასხვა უბნების მიხედვით განსხვავებულია მომხმარებლის ინტერესიო, სეგმენტების მიხედვით კიდევ უფრო განსხვავებულია მომხმარებლის ინტერესი. ჩვენთან, მაგალითად, ფასდაკლება და მათ შორის, ძალიან ღრმა ფასდაკლება იმხელა ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე. არის რამდენიმე პროდუქტი, მაგალითად, საქონლის ხორცი, პრემიალური კარაქი, სადაც დიდ ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, თუმცა არის პროდუქტები, რომელზეც ფასდაკლების შემთხვევაში მომხმარებლები არ რეაგირებენ“, - აცხადებს გიორგი ხაბაშვილი.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეექვსე სამუშაო სხდომა იმართება. ამჯერად შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ საცალო ქსელების ოპერატორების (ქსელური მარკეტების) წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

შეგახსენეთ, რომ პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ხუთი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც თავდაპირველად კვერცხის, რძისა, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის, წვენებისა, ჯემების, პურპროდუქტების, ტკბილეულის მწარმოებლებს მოუსმინეს. ამასთან, კომისიის 25 თებერვლის, რიგით მეოთხე შეხვედრაზე უკვე მოუსმინეს საშუალო იმპორტიორ-დისტრიბუტორებს, რომელთა წლიური ბრუნვა შეადგენს 100 მილიონ ლარზე ნაკლებს. რიგით მეხუთე სხდომაზე კი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ.

რაც შეეხება შედეგებს, როგორც ცნობილია კომისია მუშაობას სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

BPN