1734950056
დასაწყობებული ნიღბების ვიდეოს გავრცელების შემდეგ „გორგია“ წუხს, რომ „შეეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია“
ჰიპერმარკეტი "გორგია" ადასტურებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, ისე მათაც შეეზღუდათ გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია.
„გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია.
მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი.
ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია“, - წერია ჰიპერმარკეტ „გორგიას“ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, "გორგიამ" საპროტესტო აქციებზე თავდაცვისთვის საჭირო ნიღბები და სათვალეები გაყიდვიდან ამოიღო. ისინი მომხმარებლებს ეუბნებოდნენ რომ აღნიშნული პროდუქცია მარაგში აღარ ჰქონდათ, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პროდუქცია საწყობში ინახება.