ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადგილზე თანამედროვე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება - რას ითვალისწინებს მერიაში წარდგენილი პროექტი

თბილისი მოლის შენობა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე

კომპანია „თბილისი მოლი“ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადგილზე თანამედროვე სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავს.

კომპანიამ მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი შესათანხმებლად დედაქალაქის მთავრობას უკვე წარუდგინა. მერიამ პროექტს გაეცნო, თუმცა კომპანიისთვის ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ უცნობებია, რადგანაც საქმის სირთულიდან გამომდინარე დამატებითი ვადა ბევრჯერ ითხოვა. ბოლო აქტით, მერიის არქიტექტურის სამსახურმა განცხადების ადმინისტრაციული წარმოების ვადად 10 თებერვალი განსაზღვრა.

ირკვევა, რომ მრავალფუნქციური შენობის დაპროექტებაზე კომპანია „გურგენიძე არქიტექტურამ“ იზრუნა.

პროექტის თანახმად, წინამძღვრიშვილის ქ.#135 მდებარე მიწის ნაკვეთზე მოიაზრება ორ სართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. შენობა მიეკუთვნება IV კლასს. პროექტი დამუშავებულია საქართველოს მთავრობის #255 დადგენილების მიხედვით. შენობა ტემპერატურულ-სეისმური ნაკერით დაყოფილია ორ დამოუკიდებელ, კონსტრუქციულ ნაწილად. საძირკველი არის მონოლითური რკინაბეტონის ცალკე მდგომი, წერტილოვანი. კონსტრუქციულად შენობა გადაწყვეტილია რკინაბეტონის სვეტებით, კოჭებით, გადახურვის ფილა სტანდარტული-კარკასულ-ჩარჩოვანი. შენობის აბსოლუტური ნული არის +414.50.

ინტერიერში გათვალისწინებულია კომერციული ფართების მოწყობა. ასევე, შენობას შუა ნაწილში გააჩნია ატრიუმი. ფასადზე გამოყენებულია ალუმინის ვიტრაჟები, დეკორატიული ბეტონი, ალუმინის პროფილები და კომპოზიტური პანელი. პროექტი შესრულებულია 41 დადგენილების და მისაწვდომობის სტანდარტის შესაბამისად.

იმის დასადგენად, პროექტის განხორციელების დროს წარმოებული სამუშაოები 20,00 მეტრის რადიუსში მდებარე შენობა-ნაგებობებზე მოახდენდა თუ არა რაიმე სახის ზემოქმედებას, ანგარიში კომპანიამ „ოპტიმუსი“ მოამზადა. კომპანიამ საბოლოო დასკვნაში ჩაწერა, რომ წინამძღვრიშვილის ქ.N135-ში სავაჭრო კომპლექსის ასაშენებლად სამუშაოების ჩატარება მიზანშეწონილად მიაჩნია.

„დაგეგმილი სამუშაოების ლოკაციის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე, 20,00 მეტრის რადიუსში მდებარე შენობა-ნაგებობებზე, უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს. მიწის ნაკვეთი მდგრადი გეომორფოლოგიური შემადგენლობისაა და ქვაბულის ფერდოები, პროექტით მოცემული ხიმინჯოვანი რიგის გარდა, სხვა რაიმე სახის სპეციალური ღონისძიებების გატარებას, მშენებლობის პერიოდში არ საჭიროებენ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საპროექტო შენობის სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას ცალსახად დადებით რეკომენდაციას ვაძლევ“, - აღნიშნულია დასკვნაში.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე დაირგვება 116 ძირი მწვანე ნარგავი: 38 ძირი ცაცხვი, 26 ძირი კედარი, 13 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 16 ძირი წითელი ნეკერჩხალი, 16 ძირი ამბრის ხე, 4 ძირი იფანი, 3 ძირი ვერცხლისფერი (მჩხვლეტავი) ნაძვი.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „თბილისი მოლი“-ში პარტნიორების წილობრივი გადანაწილება ასეთია:

👉 ლაერტი ზუბადალაშვილი - 20%

👉 ხვიჩა მაქაცარია - 26%

👉 ილონა მეტრეველი, საქართველო, /რუსეთის ფედერაცია/ - 10%

👉 წილებით შეზღუდული კერძო კომპანია ჰოლდექს ინტერსეილს კორპ., 1688351 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) – 44%.

👉 კომპანიის დირექტორია შალვა წაქაძე.