გალტ & თაგარტი სომხეთის ეკონომიკის შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს და რეგიონულ კვლევით დაფარვას აფართოებს

ბიზნესი • 1793869783
ბოგ

გალტ & თაგარტმა სომხეთის ეკონომიკის შესახებ სიღრმისეული კვლევა გამოაქვეყნა — Armenia: Turning Opportunities into Growth. პუბლიკაცია კომპანიის რეგიონული კვლევითი მიმართულების განვითარების მორიგი ეტაპია. უზბეკეთის ეკონომიკის შესახებ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ, გალტ & თაგარტი რეგიონში კვლევით დაფარვას კიდევ ერთი ქვეყნით აფართოებს და ინვესტორებს სომხეთის შესახებ დამოუკიდებელ ანალიტიკას სთავაზობს.

კვლევა დეტალურად მიმოიხილავს სომხეთის მაკროეკონომიკურ გარემოსა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს. იგი მნიშვნელოვანი ანალიტიკური რესურსია, როგორც სომხეთში მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის, ისე აქტივების მმართველი კომპანიების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კაპიტალის ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებენ.

გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, 2022 წლიდან სომხეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდება: 2022-25 წლებში რეალური ზრდა საშუალოდ 8.5% იყო, 2025 წელს კი 7.1% შეადგინა. ქვეყანაში კომპანიებისა და კაპიტალის შემოდინებამ სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯები დააჩქარა, ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვები კი რეკორდულ დონემდე გაზარდა. 2021-2025 წლებში ეკონომიკის ზომა 13.9 მლრდ აშშ დოლარიდან 29.3 მლრდ აშშ დოლარამდე გაორმაგდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 4,750 აშშ დოლარიდან 9,495 აშშ დოლარამდე. 2016-25 წლებში სოფლის მეურნეობის წილი შემცირდა, ხოლო მომსახურების სექტორების წილი გაიზარდა: ფინანსური მომსახურების – 4.9%-დან 10.8%-მდე, ვაჭრობის – 10.9%-დან 16.1%-მდე. IT ექსპორტი 2021 წლიდან თითქმის ხუთჯერ, 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ზრდას მშენებლობა და უძრავი ქონების ბაზარიც უწყობდა ხელს: ბინების გაყიდვებმა 2025 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გამოწვევებს შორისაა რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის ნაწილზე დაწესებული შეზღუდვები. ამავდროულად, ჩნდება ახალი შესაძლებლობებიც: საზღვრები ეტაპობრივად იხსნება, იგეგმება ახალი სატრანზიტო მარშრუტი, ევროკავშირმა სომხეთისთვის დახმარება გააფართოვა, ამოქმედდა ოქროს ახალი საბადო, რომელიც წელიწადში 860-900 მლნ აშშ დოლარის საექსპორტო შემოსავალს მოიტანს, და გაიხსნა Firebird-ის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრი, რომელშიც ჯამში 5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმება. ეს ყველაფერი მომავალ წლებში ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტი იყოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ინვესტორებისთვის სანდო პარტნიორი. ამისთვის მნიშვნელოვანია, მათ მივაწოდოთ სიღრმისეული ინფორმაცია რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და შევთავაზოთ სრულფასოვანი საინვესტიციო მომსახურება. სომხეთის შესახებ ახალი კვლევა ამ მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯია, რომლითაც ვაძლიერებთ პოზიციებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის საინვესტიციო ბაზრებზე“, – აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი.

„ჩვენ თანმიმდევრულად ვაფართოებთ კვლევით დაფარვას და ვქმნით მაღალი ხარისხის, სიღრმისეულ ანალიტიკას რეგიონის ეკონომიკების შესახებ. სომხეთის კვლევა ამ სტრატეგიის გაგრძელებაა. გვსურს, ინვესტორებს მივაწოდოთ არა მხოლოდ ზოგადი ეკონომიკური მიმოხილვა, არამედ დეტალური ანალიზი, რომელიც მათ ბაზრის დინამიკის, ძირითადი ტენდენციებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ შეფასებაში დაეხმარება“, – აცხადებს გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, ევა ბოჭორიშვილი.

აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის კვლევითი და საინვესტიციო მიმართულება საერთაშორისო გამოცემების მიერაა აღიარებული – 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში კვლევებისა და საბროკერო მიმართულებით საუკეთესო  კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა გალტ & თაგარტს საქართველოში წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მიანიჭა.