„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია - საბჭოში მხოლოდ ერთი წევრი, მარიამ ლომიძე რჩება

ბიზნესი 1772084530
იმედი

ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. საჯარო რეესტრმა წარმოება უკვე დაასრულა. შედეგად, ირაკლი რუხაძემ, გიორგი ბახტაძემ, გიორგი კალანდარიშვილმა და დავით შონიამ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.

იქამდე, რუხაძე „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტსაც იკავებდა, ხოლო კალანდარიშვილი მისი მოადგილე იყო.

სამეწარმეო საბჭოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საბჭოს ერთადერთ წევრად მარიამ ლომიძე რჩება. ისვე იკავებს „იმედში“ გენერალური დირექტორის პოსტს.

შეგახსენებთ, საბჭოს წევრებმა საბჭოს დატოვების მოთხოვნით სამეწარმეო რეესტრს 25 თებერვალს მიმართეს. მხარეები ითხოვდნენ წარმოების პროცესის დაჩქარებული წესით, ერთ დღეში დასრულებას, რაც 414-414 ლარის გადახდას ითვალისწინებს.

აღნიშნული პირები განაცხადში უთითებენ, რომ დაკავებულ პოზიციებს კომპანიის მფლობელების ცვლილებების გამო, პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებენ.

ინფორმაციისთვის, თებერვლის დასაწყისში „იმედის“ უკვე ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ არხის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

„პარტნიორებთან დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება” - დაწერა მან სოციალურ ქსელში და კომპანია სიმბოლურ ფასად - 1000-ლარად გაასხვისა.

სამეწარმეო რეესტრის ბოლო, 11 თებერვლის ამონაწერით, „იმედის“ წილებს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის 50%-იან წილს „პრაიმ მედია გლობალი“ ფლობს, დანარჩენს (10-10%-ს) კი ვასილ კალანდარიშვილი, მარიამ ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, ნათია სონღულაშვილი და მაია ჩიგოშვილი ინაწილებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ორი ქართული ტელეკომპანია - „იმედი“ და Postv 24 თებერვალს დაასანქცირა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.

სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „იმედი“ და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.