McDonald’s მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული რესტორნების ქსელია - კომპანიის საბაზრო ღირებულება $195 მილიარდს აჭარბებს

ბიზნესი 1784617105
სწრაფი კვების ობიექტი მაკდონალდსი

საერთაშორისო რესტორნების ქსელებს შორის ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია McDonald's-ს აქვს. კომპანია პირველ ადგილზეა Visual Capitalist-ის რეიტინგში, რომელიც CompaniesMarketCap-ის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა.

რეიტინგის მიხედვით, McDonald’s-ის საბაზრო ღირებულება $195.1 მილიარდს შეადგენს. მეორე პოზიცია დაიკავა ამერიკულმა ქსელმა Chipotle Mexican Grill-მა, რომლის კაპიტალიზაცია $45.2 მილიარდია. მესამე ადგილზეა Yum! Brands — ჰოლდინგი, რომელიც ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა KFC, Pizza Hut და Taco Bell. მისი საბაზრო ღირებულება $45.1 მილიარდად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ 2006 წლამდე McDonald’s Chipotle Mexican Grill-ის 90%-იან წილს ფლობდა.

რეიტინგში სულ 20 საჯარო რესტორნების კომპანია მოხვდა, მათგან 11 ამერიკული წარმოშობისაა. სიაში ასევე არიან Darden Restaurants, Texas Roadhouse, Domino's Pizza და სწრაფად მზარდი CAVA Group, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ $8.4 მილიარდს მიაღწია.

ამერიკის ფარგლებს გარეთ ყველაზე ძვირად ღირებული რესტორნების კომპანია კანადური Restaurant Brands International გახდა, რომელიც Burger King-ის, Popeyes-ისა და Tim Hortons-ის მფლობელია. კომპანია რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, $34.3 მილიარდის საბაზრო ღირებულებით.

მეექვსე ადგილი დაიკავა ჩინურმა Yum China-მ, რომლის კაპიტალიზაცია $14.8 მილიარდია. კომპანია ჩინეთში KFC-ის, Pizza Hut-ისა და სხვა ბრენდების ოპერირებას მართავს და 2016 წელს Yum! Brands-ის ჩინური ბიზნესის ცალკე სტრუქტურად გამოყოფის შედეგად შეიქმნა.

ათეულში ასევე მოხვდა იაპონური Zensho Holdings, რომლის საბაზრო ღირებულება $8.5 მილიარდია.

McDonald’s, რომელიც რეიტინგის ლიდერია, 1940 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოში 40 ათასზე მეტ რესტორანს აერთიანებს. ქსელი განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი აშშ-ში, ჩინეთსა და იაპონიაში. სიაში ცალკე შევიდა ასევე McDonald’s-ის იაპონური ოპერაცია, რომლის ღირებულებაც $6.3 მილიარდად შეფასდა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული რესტორნების კომპანიების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ჩინური Haidilao Hot Pot, იაპონური Food & Life Companies, ემირატული Americana Restaurants International, ფილიპინური Jollibee Foods Corporation და ამერიკული The Cheesecake Factory და Shake Shack.