1768300180
„მწარმოებელს უნდა, რომ ეტიკეტზე ქართული დროშა იყოს დატანებული“ - ქართული პური ექსპორტზე ჩინეთშიც გავა
„მწარმოებელს უნდა, რომ ეტიკეტზე ქართული დროშა იყოს დატანებული“ - როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ისაუბრა, ქართული პური ჩინეთის ბაზარზე უახლოეს მომავალში გავა.
„აქედან წასული პური უნდათ თავისი ეგიდით გაყიდონ, მაგრამ მწარმოებელს უნდა, რომ ეტიკეტზე ქართული დროშა იყოს გამოხატული, ამიტომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზუსტად როდის გავა და რამდენი, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ეს ამბავი მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში პირველი პარტია გავა“, - აღნიშნა დოლიძემ.
მისი თქმით, ქართულ პურზე მოთხოვნა დიდია, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით ის იაფი ღირს.
„ქართული პური შედარებით იაფია და გემრიელიც, ამიტომ მოთხოვნა არის სხვადასხვა ბაზრებიდან“, - აღნიშნა მან.
მალხაზ დოლიძის თქმით, ჩინეთში გასასვლელად ემზადება ასევე ასევე ქართული ტკბილეული.
„ტკბილეული იქნება თუნუქის მრგვალ ყუთებში და სწორედ ამ სახით გავა ექსპორტზე ჩინეთშიც. რა რაოდენობა გავა, ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქართული პურის ექსპორტი ისრაელში განხორციელდა. პირველ ეტაპზე 35 000 ერთეული პური გავიდა. მალხაზ დოლიძის თქმით, ამჟამად კი უკვე სამი პარტია პურია გასული.



