ქართული ავტობაზარი ჩინურ მანქანებს ტესტავს, რამდენად გაამართლებს - ალექსი ნონიაძე

ბიზნესი 1714039193
ავტოიმპორტი

ამჟამად, ქართული ავტობაზარი ჩინურ მანქანებს ტესტავს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ალექსი ნონიაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩინეთიდან მანქანების იმპორტის ზრდა შეინიშნება. ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2024 წლის პირველ ორ თვეში ქვეყანაში 5 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანა შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 80%-ით აღემატება. ამასთან, 658%-ით გაიზარდა იმპორტი 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, როცა საქართველოდ ჩინეთიდან 687 ათასი დოლარის ღირებულების ავტომობილი შემოიყვანეს. რაც შეეხება ელექტრო ავტომობილების იმპორტს, აქაც აღმავალი ტრენდი ფიქსირდება.

„თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩინური მანქანების წილი ქართულ ბაზარზე დღეს ძალიან მცირეა და მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლები უკავშირდება იმას, რომ წინა წლებში ჩინური მანქანების იმპორტი თითქმის არ ხდებოდა, ან ძალიან მცირე რაოდენობით ხდებოდა“, - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.

ავტოდილერების ნაწილი ფიქრობს, რომ ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ზრდას ხელი, შესაძლოა, ახალმა რეგულაციამ შეუწყო, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის იანვრიდან, საქართველოში 10 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა, განბაჟება აიკრძალა, ახალ ავტომობილებზე წამოვიდა მოთხოვნა. ჩინეთი კი ერთ-ერთია იმ ბაზრებიდან, საიდანაც ახალი და ამავე დროს, შედარებით ბიუჯეტური ავტომობილების ჩამოყვანაა შესაძლებელი.

„ახლა ქართული ბაზარი ჩინურ მანქანებს ტესტავს, რამდენად გაამართლებს მათი შემოყვანა საქართველოში და შემდეგ გამოიკვეთება, კიდევ გაგრძელდება თუ არა ჩინეთიდან იმპორტი“, - განმარტა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება საავტომობილო ბიზნესში არსებულ სხვა სიახლეებს და რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე - ექსპორტის კუთხით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ავტოდილერები მცირე ზრდაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დღევანდელი მოცემულობით, საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით მანქანები ყირგიზეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში იყიდება. საექსპორტო ბაზრებზე ყველაზე მოთხოვნადი 20 ათასი დოლარის ღირებულების მანქანებია, მაშინ როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 10 ათასი დოლარის ფარგლებში იყო.

ადგილობრივ ბაზარზე კი ისევ საავტომობილო პროფიციტია და კვლავ ფინანსური კრიზისის წინაშე არიან ამ ბიზნესით დაკავებული ადამიანები. საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ავტოდილერების უმეტესობას უწევს ჩამოყვანილი მანქანები არათუ თვითღირებულებით, არამედ, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში გაყიდოს, რადგან, თვეებია ჩამოყვანილი ჰყავთ მანქანები და რეალიზაციას ვერ ახდენენ. აქედან გამომდინარე, ავტომობილების იმპორტის მაჩვენებლებში კვლავ კლება ფიქსირდება. მაგალითისთვის, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 258 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 36%-ით შემცირებული მაჩვენებელია.