რა გავლენას მოახდენს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ომი ირანში?

ბიზნესი 1773738548
მშენებლობა

„საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა დამოკიდებულია საომარი მოქმედებების ხანგრძლივობასა და მასშტაბზე“. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის ავტორების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები მოკლე ვადაში დასრულდება, ამან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე შესაძლოა, პოზიტიური, ხოლო გრძელვადიანად გაგრძელების შემთხვევაში პირიქით, ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

ომი ირანში - რა ელის უძრავ ქონებას საქართველოში

„იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში დასრულდება, შესაძლოა, 2026 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის უფრო პოზიტიური აღმოჩნდეს, ვიდრე ეს კონფლიქტამდე არსებულ საბაზისო სცენარში იყო გათვალისწინებული. ეს ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან პოტენციური მიგრაციით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც დადებითად იმოქმედებს უძრავი ქონების მოთხოვნაზე, როგორც გაქირავების, ისე გაყიდვების კუთხით.

იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი გახანგრძლივდება და რეგიონში რისკები გაიზრდება, კონფლიქტის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის შესაძლოა უარყოფითი აღმოჩნდეს. ხანგრძლივ პერიოდში გაურკვევლობა მომხმარებლის მოლოდინებზე უარყოფითად მოქმედებს, რაც ზეწოლას მოახდენს როგორც ბინების გაყიდვებზე, ისე ფასების ზრდის ტემპზე. შედარებით ნეგატიურ სცენარში, ეს შესაძლოა ტრანზაქციების მოცულობისა და ბინების გასაყიდი ფასების შემცირებაშიც აისახოს,“ - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

BPN