1764141759
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ორთაჭალაში 3 ცათამბჯენს ააშენებს
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი თემურ ანჩაბაძის კომპანია „ქისთოუნ დეველოპმენტი“ ორთაჭალაში მრავალფუნქციურ კომპლექსს, მათ შორის ერთ საოფისე შენობას და 3 საცხოვრებელ ცათამბჯენს ააშენებს.
როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ქისთოუნ დეველოპმენტს“ ოთხივე ბლოკზე მშენებლობის ნებართვის შუალედური დასკვნა უკვე მიღებული აქვს.
თბილისში, ვახტანგ გორგასლის 73ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დაპროექტებულია 4 შენობა, მათ შორის 3 გათვლილია საცხოვრებლად, ხოლო მეოთხე სამუშაო სივრცედ.
„ჯამში A ბლოკში 250 ბინა და 153 ავტოსადგომი იქნება, B ბლოკში 184 ბინა და 110 ავტოსადგომი, ხოლო C ბლოკში ჯამში 172 ბინა და 84 ავტოსადგომი განთავსდება.
D ბლოკს აქვს A B C ბლოკებთან სეისმური ნაკერით გამიჯნული 2 სართული ავტოსადგომი და კომერციული სივრცე. საპროექტო დავალება წარმოადგენს საოფისე შენობის დაგეგმარებას დაახლოებით 450 ადამიანზე, ე.წ. “open space” და co-working პრინციპით“, - წერია განმარტებით ბარათში.
ბიზნესმენი თემურ ანჩაბაძის სახელს უკავშირდება რუსეთში არსებული არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის ЛСЕГ – „ჩრდილოეთ-ევროპული გაზსადენების ლოჯისტიკა“ და „ნანოტექგრუპი“.
ცნობისთვის, „ქისთოუნ დეველოპმენტი“ „ქისთოუნ ინვესტმენტში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც დეველოპმენტის გარდა აერთიანებს:
• აგრო სფეროს - „ქისთოუნ აგრო“ სამეგრელოს რეგიონში, 200 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენებულ ლურჯი მოცვის ბაღს ფლობს.
• ენერგეტიკულ სფეროს - „ქისთოუნ ფაუერი“ ერთდროულად სამ უდიდეს პროექტს ახორციელებს, მათ შორის იგოეთის ქარის ელექტრო სადგურს, აჯამეთის ქარის ელექტრო სადგურს, ტორტიზას ქარის ელექტრო სადგურს.
• ქონსთრაქშენ სერვისს - მისი მიმდინარე პროექტია ჩინური კომპანიის China Road and Bridge Construction-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისი სამუშაოების წარმოება. აღნიშნული ხელშეკრულება მოიცავს E60 საავტომობილო გზის F3 – უბისა - შორაპნის მონაკვეთზე მდებარე ხიდებისთვის საჭირო ლითონის კონსტრუქციების დამზადებასა და მონტაჟს.



