სამშენებლო სექტორში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია, რაც ხელფასების ზრდაში აისახება - ზუკა თავყელიშვილი

ბიზნესი 1733738500
ზუკა თავყელიშვილი

2024 წლის ოქტომბერში მშენებლობა გაძვირდა.

მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაზრდილია როგორ თვიურ, ასევე წლიურ ჭრილში. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ოქტომბრის მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობა 6.8%-ით გაძვირდა.

Galt & Taggart-ის ასოცირებული მკვლევრის, ზუკა თავყელიშვილის თქმით, ფასების ზრდის მიზეზი დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. ასევე, სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტი კვლავ მთავარი გამოწვევაა.

„საქსტატის სამშენებლო ღირებულების ინდექსი რასაც გვიჩვენებს, ოქტომბრის თვეში მცირედით გაიზარდა სამშენებლო ღირებულება, დაახლოებით 0.8%-ით. ყველაზე დიდი წილი კი უჭირავს სამშენებლო მასალებს, მაგრამ სამშენებლო მასალების ფასები არ გაზრდილა და წელიწად ნახევარია, ერთ დონეზეა შენარჩუნებული.

გაზრდილი მიგრაციის და ჭარბი მოთხოვნის ფონზე უძრავი ქონების ფასები გაიზარდა. ამ თვეში სამშენებლო ღირებულების ზრდა გამოწვეული იყო ხელფასების ზრდით; თვიურ ჭრილში 4.5%-ით არის ხელფასები გაზრდილი, ხოლო თუ წლიურ ჭრილში შევხედავთ, 30%-ით.

ყველაზე დიდი გამოწვევა სამშენებლო სექტორში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია, რაც საბოლოო ჯამში თვიდან თვემდე ხელფასები ზრდაში აისახება. ამ გამოწვევას დეველოპერები სხვადასხვაგვარად პასუხობენ, ზოგი თავად წვრთნის თავის მუშა ხელს, ზოგს უცხო ქვეყნიდან შემოჰყავს და ცდილობენ, რომ ასე გაუმკლავდნენ გამოწვევას“,- აღნიშნა ზუკა თავყელიშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.