საქართველოში ჩინური ბიზნესები იზრდება - წელს, 4 თვეში 93 ჩინური კომპანია დარეგისტრირდა, რომელთა საქმიანობა უცნობია

ბიზნესი 1748516936
ბიზნესი

2024 წელს საქართველოში ჩინური კაპიტალის მონაწილეობით ჯამში 304 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიაწოდეს.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-აპრილში ჩინური კაპიტალის მონაწილეობით რეგისტრირებულია 93 ბიზნეს სუბიექტი. გასული წლის იგივე პერიოდს თუ შევადარებთ, ზრდა დაახლოებით, 3.3%-ს შეადგენს.

„საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს საქართველოში რეგისტრირებული 304 ჩინური კომპანიიდან 94%-ის (286 ბიზნეს სუბიექტის) შემთხვევაში, საქმიანობის სფერო უცნობი იყო, წელს კი ყველა რეგისტრირებული კომპანიის საქმიანობა უცნობია.

ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წელს იმ დარგებში, რომელშიც ოფიციალურად ვიცით, რომ ჩინური კაპიტალი შევიდა, ლიდერია საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

უფრო კონკრეტულად, დარგების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებული იმ ჩინური სუბიექტების მონაცემები, რომელთა საქმიანობაც ცნობილია, ასეთი იყო:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 8 ბიზნეს სუბიექტი;
  • მშენებლობა - 4 ბიზნეს სუბიექტი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 ბიზნეს სუბიექტი;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 2 ბიზნეს სუბიექტი;
  • სხვა სახის მომსახურება (სხვა პერსონალური მომსახურების საქმიანობები; გამაჯანსაღებელი საქმიანობები) – 2 ბიზნეს სუბიექტი.