1778057220
საქართველოში ყველაზე მეტად 100 და 50-ლარიანებს აყალბებენ - გასულ წელს შემოწმებული საეჭვო ფულის 45% ყალბი აღმოჩნდა
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის ოდენობამ 7 442 200 000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის გასული წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, მათ შორის ბანკნოტები - 7 215 500 000 ლარი, ხოლო მონეტები - 226 700 000 ლარი იყო.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში, მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობა წლის დასაწყისთან შედარებით 825.2 მლნ ლარით, ანუ 12.5%-ით გაიზარდა.
„2025 წლის განმავლობაში მიმოქცევაში ბანკნოტების თანხობრივი რაოდენობა 805.9 მლნ ლარით გაიზარდა და მიმოქცევაში არსებული ფულის მთლიან მოცულობაში მისმა ხვედრითმა წილმა 97% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, წინა წელთან შედარებით, 9.3%-ით გაიზარდა მიმოქცევაში არსებული მონეტების თანხობრივი რაოდენობა და მისმა ხვედრითმა წილმა მთლიან მიმოქცევაში 3% შეადგინა,“ - ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია ფულის ნიშნების ექსპერტიზის მონაცემების შესახებ.
კერძოდ, სებ-ის ცნობით, 2025 წლის განმავლობაში ექსპერტიზა ჩატარდა კომერციული ბანკებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან და ფიზიკური პირების მიერ შეტანილ 6 573 ცალ საეჭვო ფულის ნიშანზე, რომელთა 45% ყალბი აღმოჩნდა.
უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის შემოწმებული 6 573 საეჭვო ფულის ნიშნიდან 2967 აღმოჩნდა ყალბი; 2525 იყო ნამდვილი, ხოლო 1081 - არგადახდითი.

„2025 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით შემცირდა 10.7%-ით.
დოლარების ყალბი ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 8.9%-ით, ხოლო, ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა შემცირდა 23.6%-ით.
ასევე, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა შემცირდა 32.3%-ით.
რაც შეეხება ლარის ყალბ მონეტებს, 2024 წელთან შედარებით მათი რაოდენობა უმნიშვნელოა (შემცირდა 99.7%-ით),“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ეროვნული ვალუტის შემთხვევაში ყველაზე მეტად 100 და 50 ლარიანებს აყალბებენ. ლარის გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებსა და მონეტებში მათზე შესაბამისად, 47.9% და 46.8%-იანი წილი მოდის.




