რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში 5-დან 9 მაისამდე მობილური ინტერნეტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შეიზღუდება

მსოფლიო 1777893063
რუსეთი

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში 5-დან 9 მაისამდე მობილური ინტერნეტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია და ტელეგრამარხები ავრცელებენ.

მათი ცნობით, მოსკოვის მცხოვრებლებმა უკვე მიიღეს შეტყობინებები მობილური ოპერატორებისგან, რომლებიც შეზღუდვების შესახებ აფრთხილებენ მომხმარებლებს. ეს ინფორმაცია „ბილაინშიც“ დაადასტურეს.

რუსი ჟურნალისტების ცნობით, შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 5-დან 9 მაისამდე მოსკოვში „უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად“, შესაძლოა, მობილურ ინტერნეტსა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდეს. მოსახლეობას ურჩევენ, ინტერნეტზე წვდომისთვის Wi-Fi გამოიყენონ.

29 აპრილს „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 მაისის აღლუმის წინ მოსკოვში მობილური კავშირის „უფრო მასშტაბური“ შეზღუდვები იგეგმება. ერთ-ერთმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ 5, 7 და 9 მაისს ხელისუფლება მობილური კავშირისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სრულად შეზღუდვას აპირებს.

წყარო: 1tv.ge