„შემცირდება კადრები და გაიზრდება ფასები - ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად და არა ერთი ხელის მოსმით“ – რა რისკებს ხედავენ „ნატახტარში“ პლასტიკის აკრძალვით

ბიზნესი 1773472500
ნატახტარი

„მზად ვართ, ლუდის ინდუსტრიაში მთლიანად ამოვიღოთ პლასტმასის შეფუთვა“ - ასე ეხმიანება მთავრობის ახალ ინიციატივას „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნა, ჩანაცვლების შემთხვევაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ტონა შუშის გამოყენება მოუწევთ, რაც მთელ რიგ პრობლემებს გამოიწვევს.

ინფორმაციისთვის, მთავრობის დადგენილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან 3-ლიტრამდე სასმელი წყლისა და 20-ლიტრამდე ალკოჰოლური, არაალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების წყლის ბოთლებში წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ექსპორტისა) აიკრძალება.

"არ არსებობს ქვეყანა, სადაც აკრძალულია პლასტმასის შეფუთვა წყლებსა და არაალკოჰოლურ სასმელებში“ - "ნატახტარი"

„ციფრებზე რომ ვისაუბროთ, ზოგადად სასმელების ბაზარი არის დაახლოებით 1 მლრდ ლიტრი. მათ შორის, 140 მლნ ლიტრი არის ლუდი და დანარჩენი - სხვა სასმელი. აქედან 80% არის პლასტმასის ბოთლში, ანუ დაახლოებით 800 მლნ ლიტრი იყიდება პლასტმასის ბოთლში, როგორც გაზიანი გამაგრილებელი სასმელი, ასევე მტკნარი წყალი, გაზიანი წყალი და ლუდი.

თუ ჩანაცვლება მოხდება შუშით, მოგვიწევს დაახლოებით ნახევარი მილიონი ტონა შუშის გამოყენება, როდესაც დღევანდელი მდგომარეობით, ამ 800 მლნ ლიტრს ემსახურება 20 000 ტონა პლასტმასის ბოთლი. წარმოიდგინეთ, 20 000 ტონა და ნახევარი მლნ ტონა - 25-ჯერ მეტი რაოდენობის და ეს ყველაფერი თუ გადაითარგმნება ლოგისტიკაში, გამონაბოლქვში, საცობებში და ა.შ. ამ ტიპის პრობლემით დაწყებული, დამთავრებული იმით, რომ ამ რაოდენობის დაკმაყოფილება პრაქტიკულად, შეუძლებელია, ეს გამოიწვევს ბაზრის შემცირებას. მაგალითად, იმისათვის, რომ ჩვენ ახალი ხაზები შევიძინოთ, მინიმუმ 1,5-2 წელი არის საჭირო. წარმოიდგინეთ, 2 წლის განმავლობაში ჩვენ დეფიციტი გვექნება ბაზარზე დაახლოებით 400 მლნ ლიტრი - მოთხოვნა იგივე რაოდენობაზეა შენარჩუნებული, მიწოდება ნაკლებია, რაც ამავე დროს იწვევს ფასის ზრდას.

ეს ყველაფერი ჯამში გამოიწვევს იმას, რომ ინდუსტრიას ასევე მოუწევს კადრების ოპტიმიზაცია. ეს არის ის შედეგები, რასაც მივიღებთ ამ რეგულაციის ამოქმედებით. ეს არის მისი ფასი“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად აუცილებელია, რომ ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდეს.

„მზად ვართ, ლუდის ინდუსტრიაში მთლიანად ამოვიღოთ პლასტმასის შეფუთვა და ამაზე უამრავი პროექტი გვქონდა - ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად და არა ერთი ხელის მოსმით. ეს შესაძლებელია 3-4 წლის განმავლობაში. მაგალითად, 2027 წელს რომ შეიზღუდოს მხოლოდ 2,5 ლიტრამდე ლუდის შეფუთვა, 2028 წელს - 2 ლიტრამდე და 2030 წელს მთლიანად ამოვიღოთ. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მიდგომა იყოს გამართლებული არაალკოჰოლური სასმელების და მტკნარი წყლისა და გაზიანი წყლების მიმართულებით, ეს წარმოუდგენელია და მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არსებობს, რომელსაც აქვს ტოტალურად აკრძალული პლასტმასის შეფუთვა წყლებსა და მინერალურ წყლებში, ასევე არაალკოჰოლურ გამაგრილებელ სასმელებში. ეს არის ძირითადი თემა, რომელიც როგორც შედეგი, აუცილებლად დადგება იმ შემთხვევაში, თუ ამ ფორმით შედგება ეს გადაწყვეტილება“ - აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისი თქმით, კომპანიები გეგმავენ, ხელისუფლებას მიმართონ და იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა შედეგს გამოიღებს.

„როგორც წესი, ეს ხდება შემდეგნაირად: კომპანიები ცალკე არ ურთიერთობენ მთავრობასთან. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ბიზნესასოციაციები, დარგობრივი გაერთიანებები და ა.შ. ანუ არსებობს საკმარისი პლატფორმები, სადაც ხდება ხოლმე შეხვედრა და საკითხების განხილვა. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ინდუსტრია ხელისუფლებასთან ერთად ალტერნატიულ გზებს მონახავს“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.