1773651900
„თბილისში, სრულ განაკვეთიან სამსახურში 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი პრაქტიკულად, არ არის“ – „ნიკორა ტრეიდი“
„თბილისში, სრულ განაკვეთიან სამსახურში 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი პრაქტიკულად, არ არის“, -ამის შესახებ „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანია 9000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, 2022 წლიდან კი, ხელფასები 25-დან 50%-მდე გაიზარდა.
„2022 წლიდან ხელფასები 25-დან 50%-მდე დიაპაზონში გავზარდეთ“
„ვასაქმებთ 9000 ადამიანზე მეტს და ვართ ერთ-ერთი ძალიან დიდი დამსაქმებელი. 2022 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა პოზიციებზე მოხდა 25-დან 50%-მდე დიაპაზონში ხელფასების ზრდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იყო.
თბილისში სრულ განაკვეთიან სამსახურს თუ ავიღებთ, 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი პრაქტიკულად, არ არის. ძალიან ცოტა პოზიცია შეიძლება იყოს...
გარდა ამისა, ჩვენი სექტორი არის პირველი შესაძლებლობა ძალიან ბევრი ადამიანისთვის შრომით ბაზარზე, თვითონ სისტემა კარიერული კიბის არის ძალიან სწრაფი. რამდენიმე თვეში შეუძლია მიაღწიოს საშუალო ხელფასზე (1400 ლარი) მეტსაც კი.
რეგიონებში გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება იყოს [1000 ლარზე ნაკლები]“, - განაცხადა თემურ ალექსანდრიამ.
რაზეც ნინო წილოსანმა მიმართა: „თქვენ თანამშრომლებთან მიმართებით, ხშირ შემთხვევაში პრობლემა არის, რომ ბევრ პოზიციაზე უწევთ მუშაობა, მაგალითად, მოლარეს კონსულტანტად, კონსულტანტს მოლარედ და ა.შ. გაქვთ ასეთი შერეული მოდელი მათთან მიმართებით?“
„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა:
„პოზიციების უნივერსალიზაცია ჩვენს სექტორში, მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა თუ არის რაიმე განსაკუთრებით პრობლემური სიტუაცია, მანდ დიფერენციაციასაც ვახდენთ“.
შეჯამებისთვის, შოთა ბერეკაშვილმა „ნიკორა ტრეიდის“ 2024 წლის ანგარიშგებიდან საშუალო ხელფასის მაჩვენებლები მოიყვანა:
„ჩვენი დათვლით, 2023 წელს თქვენი საშუალო ხელფასი იყო 1242 ლარი, ხოლო 2024 წელს - 1466 ლარი. 18%-იანი ზრდა იყო საშუალოდ შეჯამებული“.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეშვიდე სამუშაო სხდომა იმართება. ამჯერად შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ მსხვილი საცალო ქსელების ოპერატორების (ქსელური მარკეტების) წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
შეგახსენეთ, რომ პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ექვსი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც თავდაპირველად კვერცხის, რძისა, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის, წვენებისა, ჯემების, პურპროდუქტების, ტკბილეულის მწარმოებლებს, იმპორტიორ-დისტრიბუტორებს მოუსმინეს. 11 მარტის შეხვედრაზე კი კომისიის სხდომაზე მიწვეულები იყვნენ რითეილ-სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი.
რაც შეეხება შედეგებს, როგორც ცნობილია კომისია მუშაობას სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.



