1773382593
ვინ არის ივანიშვილზე მდიდარი ქართველი
Forbes-მა განაახლა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სია. რეიტინგში 2 ქართველია – ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ლომთაძე. Forbes-ის მონაცემებით, ამ უკანასკნელის ქონება 3-ჯერ აღემატება “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ქონებას.
50 წლის ლომთაძე, 6 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებით, Forbes-ის რეიტინგში 694-ე ადგილზეა, ხოლო 70 წლის ბიძინა ივანიშვილი, 2,7 მილიარდი დოლარით – 1560-ე ადგილზე.
Forbes-ის მონაცემებით, ლომთაძის შემოსავლის მთავარი წყაროა ფინანსური ტექნოლოგიები, ხოლო ივანიშვილის – ინვესტიციები.

ლომთაძის ქონების ზრდის დინამიკა
გამოცემა წერს, რომ მიხეილ ლომთაძე იყო რუსეთში მოქმედი ფონდის, Baring Vostock-ის კერძო ინვესტორი. ფონდმა 2006 წელს ინვესტიცია ჩადო ყაზახურ კომპანია Kaspi-ში, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ლომთაძეა. Kaspi-ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2020 წელს განთავსდა და მაშინ კომპანიის ღირებულება 6,5 მილიარდი დოლარი იყო. Forbes-ის ცნობით, ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ერთ-ერთი პოპულარული ციფრული და საბანკო გადახდების სერვისის მიმწოდებელია, რომელსაც მოსახლეობის 50%-ზე მეტი იყენებს. მხოლოდ 2024 წელს Kaspi-მ 2,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
მიხეილ ლომთაძე ბათუმში დაიბადა 1975 წელს. მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში (ESM). ამის შემდეგ სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელა და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი გახდა. ამჟამად ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმათში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს მოქალაქეა. Forbes-ის მიხედვით ის დაოჯახებული არ არის.
მიხეილ ლომთაძე არცთუ იშვიათად ჩნდება საჯაროდ. მას აქვს საკუთარი არხი youtobe-ზე, სადაც აქვეყნებს მის საჯარო გამოსვლებს, ინტერვიუებს, ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების და სხვა სახის საინფორმაციო ვიდეოებს მისი ბიზნესსაქმიანობის შესახებ.
Forbes-ის მონაცემებით, 2022 წლიდან დღემდე ლომთაძის ქონება სტაბილურად იზრდება: 2022 წელს მისი ქონება 1,9 მილიარდს შეადგენდა, 2023 წელს – 3,7 მილიარდს, 2024 წელს- 5,6 მილიარდს, 2025 წელს- 5,9 მილიარდს, ხოლო 2026 წელს უკვე 6 მილიარდი გახდა.
მისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვნად შემცირდა. Forbesის მონაცემებით, 2021-2024 წლებში ივანიშვილის ქონება 4,8-4,9 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, 2025 წელს 2,7 მილიარდამდე შემცირდა.
“საქართველოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში, მეტალებისა და საბანკო საქმეებით იშოვა, გაანაღდა და დაბრუნდა სამშობლოში 2003 წელს”, – ასე იწყება ივანიშვილის შესახებ თხრობას Forbes-ის ვებ-გვერდზე.

ივანიშვილის ქონების კლების დინამიკა
გამოცემა წერს, რომ 2012 წელს ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ, როცა მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა, თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ “საკუთარი მოვალეობა შეასრულა”. გამოცემა წერს, რომ 2024 წელს ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიის “საპატიო თავმჯდომარე” გახდა.
Forbes მოკლედ წერს ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ს შორის დავაზე. ივანიშვილის შესახებ ინფორმაცია სრულდება აშშ-ის სანქციებით, რომელიც მას დაუწესეს “რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის შელახვისთვის”.
ოფიციალური, ფაქტობრივი მონაცემების გარდა, რასაც რეიტინგის ყველა წევრის შესახებ აგროვებენ, Forbes ივანიშვილის შესახებ დამატებით ინფორმაციასაც აწვდის მკითხველს. გამოცემა წერს, რომ ივანიშვილი ცხოვრობს 108 000 კვადრატული მეტრის ფართობის სახლში, რომელიც გადაჰყურებს თბილისს. აქვეა აღნიშნული, რომ მას აქვს ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელშიც შედის პიკასოს “დორა მაარიც”.



