ვინ ფლობს ტელეკომპანიებს „იმედს“ და Postv-ს, რომლებიც ბრიტანეთმა დაასანქცირა

ბიზნესი 1772002800
„იმედი“ და Postv

დიდმა ბრიტანეთმა ორი ქართული ტელეკომპანია - „იმედი“ და Postv დაასანქცირა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, არხები რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დასანქცირდნენ.

როგორც განმარტებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.

სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და Postv „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვინ არიან კომპანიების მესაკუთრეები და მმართველი პირები.

ცნობისთვის, 2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, ასევე GDS, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ „პრაიმ მედია გლობალზე“ გაასხვისა.

ამ უკანასკნელი კომპანიის მესაკუთრე ილია მიქელაიშვილია. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.

სამეწარმეო რეესტრის ბოლო, 11 თებერვლის ამონაწერით, „პრაიმ მედია გლობალი“ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იანი წილის მფლობელია, დანარჩენს (10-10%-ს) კი ვასილ კალანდარიშვილი, მარიამ ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, ნათია სონღულაშვილი და მაია ჩიგოშვილი ინაწილებენ. კომპანიის დირექტორი არის მარიამ ლომიძე.

რაც შეეხება Postv-ს, როგორც სამეწარმეო რეესტრიდან ირკვევა, კომპანია 2017 წლიდან არის რეგისტრირებული. ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თემურ ჭარელაშვილია, დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კი ნუგზარ რუხაძე. სამეწარმეო რეესტრის ბოლო, 30 იანვრის ამონაწერით, კომპანიის წილები სამ მესაკუთრეზე ნაწილდება. კერძოდ, 24-24%-იანი წილების მფლობელები შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი არიან. ამასთანავე, წილების 52%-ს ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს, რომელმაც 2026 წლის 28 იანვარს თავისი წილები მართვაში ზაზა მარიდაშვილს გადასცა.