16 000 საცხოვრებელი სახლი, 1 400-ზე მეტი სასტუმროს ნომერი - როდის უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები "იგლ ჰილსმა"

იგლ ჰილს

„იგლ ჰილსი“ საქართველოში სამშენებლო სამუშაოებს რამდენიმე თვეში დაიწყებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, აშენდება 16 000 საცხოვრებელი სახლი ან ბინა, სასტუმროები ჯამურად 1 400-ზე მეტი ნომრითა და აპარტამენტით, საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეები.

„მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან - „იგლ ჰილსი" რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 16 000 საცხოვრებელი სახლის ან ბინის მშენებლობას; სასტუმროების მშენებლობას 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრითა და აპარტამენტით; საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, მისივე ინფორმაციით, „იგლ ჰილსის" პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ - 8 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, პროექტის უშუალო განხორციელებას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები.