2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინა გაიყიდა - Galt&Taggart

ბინა თბილისში

Galt&Taggart-ის მონაცემებით, 2024 წლის 11 თვეში, თბილისში 2 მილიარდ 800 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.5%-იან ზრდას ნიშნავს.

ამის შესახებ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა.

„2024 წლის ნოემბერში თბილისში სულ 282.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 18.2%-იანი. გაყიდვების ღირებულების ზრდა 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, მაღალი ფასების და ტრანზაქციების გაზრდილი რაოდენობის შედეგია.

ჯამურად, 2024 წლის 11 თვეში 2,800 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა (+5.5% წ/წ).

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

საინვესტიციო ბანკის მონაცემებითვე, შერჩეული დეველოპერების პროექტებში 2024 წლის ნოემბერში გაყიდული ბინების რაოდენობა თვიურად 12.3%-ით გაიზარდა თბილისში, ხოლო წლიურად უცვლელი დარჩა. 11 თვეში 17 900 ბინა გაიყიდა.

რაც შეეხება მეორად ბაზარს, Galt&Taggart-ის თანახმად, ჯამურად, 2024 წლის 11 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 18,405 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.9%-იანი კლებაა.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2024 წლის ნოემბრის მიმოხილვას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.