დენის ტარიფები აუცილებლად უნდა გაიზარდოს - პოლიტიკური მდგენელი მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ფასის დადგენისას“

ელექტროენერგია

„არსებული ტარიფებიდან გამომდინარე, ენერგოკომპანიები სრულფასოვნად ვერ ემსახურებიან თავიანთ აბონენტებს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკოსი გია არაბიძე ესაუბრა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა აუცილებელია და ფასის განსაზღვრაზე პოლიტიკურმა ფაქტორებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს.

შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების დაანონსებული ზრდა გადაავადა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, არსებული ტარიფები დროებით ტარიფებად განისაზღვრა და მომდევნო 3 თვის განმავლობაში შენარჩუნდება.

როგორც გია არაბიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, აუცილებლობას წარმოადგენს ქსელში არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლება, რასაც კომპანიების მხრიდან შესაბამისი ინვესტიციები სჭირდება.

„ჩვენი ინფრასტრუქტურა რომ გადახალისებას, აღდგენას მოითხოვს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ელექტროენერგიის ტარიფიდან გამომდინარე, ჩვენი ენერგოკომპანიები სრულფასოვნად ვერ ემსახურებიან აბონენტებს. თავიანთი ქსელების რეაბილიტაციას ვერ აკეთებენ.

თავის დროზე ბაზარი კარგად რომ ამოქმედებულიყო, ის დაარეგულირებდა ელექტროენერგიის ფასს და ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდებოდა. თუმცა, ბაზარი მუშაობს ისე, როგორც მუშაობს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, ძალიან დიდ აუცილებლობას წარმოადგენს. თან როცა, სემეკმა მიიღო პირობა, რომ დაახლოებით 2 მილიარდამდე ლარის ინვესტიციებს განახორციელებენ კომპანიები 2030 წლამდე. ეს იმისთვის, რომ მოხდეს ქსელის სრული რეაბილიტაცია და უფრო საიმედო, უსაფრთხო გახდეს ჩვენი სისტემის მუშაობა.

თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაცვის საკითხებზე ამ კუთხით.

რომ გადაიდო და 3 თვის შემდეგ რა იქნება, ეს სხვა საკითხია. მე, როგორც ენერგეტიკოსს მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვდევნოთ რაიმე პროდუქტის ფასიდან პოლიტიკური მდგენელი. პოლიტიკური მდგენელის მაქსიმალურად გამოდევნის შემდგომ, შესაძლებელი გახდება, ამ კომპანიებს სერიოზულად მოვთხოვოთ პასუხი რაღაც-რაღაცებზე“, - განაცხადა გია არაბიძემ.

„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, როგორ აფასებს სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მიერ ტარიფების ზრდის გადავადების მთავარ მიზეზად ენერგოკომპანიების თხოვნის დასახელებას, გია არაბიძე ამბობს, რომ არგუმენტი მისთვის არადამაჯერებელი იყო.

„განმარტება უფრო უკეთესი, უფრო დამაჯერებელი უნდა ყოფილიყო. ჩემთვის არ იყო დამაჯერებელი. როცა ვიცი, რომ კომპანიები მთელი წელი მუშაობდნენ ახალი ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით, უამრავი დოკუმენტი შეაჯერეს, დათვალეს, გაამრავლეს, გაყვეს და წარადგინეს კიდეც თავისი მოთხოვნები. მერე იგივე კომპანიებმა მოითხოვეს არა, არ მოუმატოთო? მე ამიტომ გითხარით, პოლიტიკური მდგენელი მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი პროდუქტის ფასის დადგენისას. ტარიფების ზრდა არა მარტო ქსელის განახლებისთვისაა აუცილებელი, აუცილებელია იმისთვისაც, რომ ენერგო მომარაგება ზოგადად გახდეს უფრო სტაბილური და უსაფრთხო“, - განაცხადა გია არაბიძემ.

bpn.ge