„ეკონომიკის სფეროში შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს - ჩვენ შევძელით ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნება“ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„შედეგები ეკონომიკის სფეროში გვაქვს შთამბეჭდავი“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მანვე მიმდინარე წლის შეფასებისას აღნიშნა, რომ ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნება მოხერხდა. კობახიძის თქმითვე, წლის ბოლოს სავალუტო რეზერვები 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

„შედეგები ეკონომიკის სფეროში გვაქვს შთამბეჭდავი, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ქვეყნდებოდა უარყოფითი პროგნოზები, რა თქმა უნდა, ეს იყო ხელოვნურად დაგეგმილი კამპანიის შედეგი. ჩვენ წლის ბოლოსთვის ვახერხებთ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას. 10 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა არის 7.6% და წლის ბოლოსაც გავალთ დაახლოებით ამ მაჩვენებელზე, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კორექტირებულ გაზრდილ პროგნოზსაც კი. ბუნებრივია, ეს არის ეკონომიკური გუნდის მთლიანი საქმიანობის შედეგი.

პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მილიარდს. ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადასცდება 10 ათას დოლარს და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადასცდება პირველად 30 ათას დოლარს. ბუნებრივია ეკონომიკის ზრდა მთლიანობაში აისახება ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების გაზიარებაზე ასევე პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაზე და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

100%-ზე მეტით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტით შემოსავლების ნაწილი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. საგარეო ვალი შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-მდე, მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წლისთვის საგარეო ვალმა მშპ-ს 60%-ს გადააჭარბა და გვაქვს მუდმივი კლება, ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი და ეკონომიკური გუნდის საქმიანობის შედეგი.

მიუხედავად საწყისი უარყოფითი შედეგებისა, ჩვენ შევძელით ლარის კურსის სტაბილურად შენარჩუნება და სავარაუდოდ წლის ბოლომდე ჩვენი სავალუტო რეზერვები გადააჭარბებს 6 მილიარდ დოლარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.