იანვარში 599 ლარამდე ხელფასი 161 ათასს პირს ჰქონდა - PMCG

ხელფასი

2026 წლის იანვარში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, თვის ჭრილში 11.7%-ით, წლიურად კი 2.8%-ით გაიზარდა და 904 967-ს გაუტოლდა - ამის შესახებ ირკვევა PMCG-ის პუბლიკაციიდან.

კვლევის მიხედვით, 2026 წლის იანვარში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე ხელფასს, 17.8%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის დეკემბერთან შედარებით 8.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი, ხოლო 2025 წლის იანვართან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

„ამასთანავე, 2026 წლის იანვარში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 30.5%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის დეკემბერთან შედარებით 20.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2025 წლის იანვართან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის იანვარში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.6%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის დეკემბერთან შედარებით 3.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2025 წლის იანვართან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, - აღნიშნულია ბაზრის მიმოხილვაში.

9 600 ლარზე მეტი ხელფასი იანვარში 23 529 ადამიანს ჰქონდა

უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში 599 ლარამდე ხელფასი 161 ათასს პირს ჰქონდა, იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომელთა ხელფასიც 600-1199 ლარის ფარგლებში მერყეობდა 194 ათასს შეადგენდა.

გარდა ამისა, ქვეყანაში 276 ათასი ადამიანის ხელფასი 2400 ლარს აჭარბებდა, 274 ათასი დასაქმებულის თვიური ანაზღაურება კი 1200 ლარიდან 2399 ლარის ფარგლებში იყო. რაც შეეხება 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, PMCG-ის მონაცემებით, იანვარში 23 529 ადამიანმა აიღო.

BPN