„ხელფასები ყოველწლიურად იზრდება - პანდემიის შემდეგ, სექტორში ანაზღაურება ორჯერ არის მომატებული - შალვა ალავერდაშვილი

ფული

პანდემიის შემდეგ ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, - ამის შესახებ სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა.

მისივე თქმით, სექტორში ხელფასებს ყოველწლიურად ზრდიან.

„თბილისს ნამდვილად აქვს იმაზე მეტი ოთახი, ვიდრე სჭირდება. წელს Airbnb-ზე ოთახების მატებაც გვაქვს, მაგრამ ფასის ზრდა ვერ მოხერხდა, ანუ დატვირთულობა გაიზარდა, მაგრამ ფასი ვერ გავზარდეთ.

არის ხარჯვითი ნაწილიც ბიუჯეტში, სადაც განსაკუთრებით ხელფასების ნაწილში გვაქვს გასავალი, რადგან ხელფასებმა მოიმატა, ამ ეტაპზე თბილისში.

ზოგადად, ხელფასები ყოველწლიურად იზრდება. პანდემიამდელ პერიოდს და 2016-2017 წლებს რომ შევადაროთ, რომელიც საუკეთესო წლები იყო სექტორში, ხელფასები ორჯერ არის მომატებული,“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, სამომავლოდ შესაძლოა, სასტუმროს ნომრის ღირებულებაც გაზარდონ.

„ხარჯვით ნაწილშია პროდუქტებისა და მასალების ღირებულება, რასაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურად, საკმაოდ გაიზარდა, ამიტომ მოგების მარჟა ამ ეტაპზე სასტუმროებს დაბალი აქვს. ვეცდებით, დატვირთვის ზრდასთან ერთად ფასიც ავწიოთ,“ - განაცხადა მან.