ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინის სააგენტო 13 მილიონ ლარს დახარჯავს

ღვინო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციაში 13 044 000 ლარს დახარჯავს. მომავალ წელს სარეკლამო კამპანიები 18-მდე ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. 

მარკეტინგული კამპანიები გაიმართება:

  • აშშ-ში;
  • გერმანიაში;
  • პოლონეთში;
  • ჩინეთში;
  • დიდ ბრიტანეთში;
  • იაპონიაში;
  • სამხრეთ კორეაში;
  • საქართველოში.

გარდა ამისა დაგეგმილია 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა.

„მიზანია საქართველოში მეღვინეობის განვითარება და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო მიწოდების მაქსიმალურად ზრდა“, - წერია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტო მსგავს კამპანიებს ყოველწლიურად ატარებს. 2025 წელს ამისთვის 12 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. დაახლოებით ამდენივე დაიხარჯა 2024 წელსაც.