1734950056
რა თანხა შედის ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან - წელს ზრდა 21%-ია
2024 წლის 10 თვეში ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან შემოსავალი 21%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) ანგარიშში.
უფრო კონკრეტულად, წელს 10 თვეში ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული თამბაქოს აქციზიდან ერთად ბიუჯეტში 996.958 მლნ ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 823.960 მლნ ლარი.
აღსანიშნავია, რომ წელს ადგილობრივი წარმოების თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტმა ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. კერძოდ, 2023 წლის 10 თვეში 40.010 მლნ ლარი იყო, წელს კი 37.797 მლნ ლარი.
რაც შეეხება იმპორტირებული თამბაქოს აქციზიდან შემოსავალს, აქ ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, 2023 წლის 10 თვის განმავლობაში ბიუჯეტში 783.949 მლნ ლარის შემოსავალი შევიდა, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში კი 959.161 მლნ ლარი.
ცნობისათვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სიგარეტზე, სიგარასა და სიგარელაზე აქციზის გადასახადი 20 თეთრით, ხოლო ე.წ. „აიქოსზე“ 15 თეთრით გაიზრდება.
„ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე გვაქვს ვალდებულება, რომ თამბაქოსთან მიმართებით დაწესებულ დირექტივებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ კანონმდებლობა. 2016 წლის შემდეგ აქციზზე განაკვეთი არ შეცვლილა. [დაგეგმილი ცვლილებებით] თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული აქციზის განაკვეთი გაიზრდება 20 თეთრით. საუბარია: სიგარეტზე, სიგარასა და სიგარელაზე. ე.წ. „აიქოსთან“ დაკავშირებით, აქ გასახურებელი თამბაქო იგულისხმება, აქციზის განაკვეთი 15 თეთრით გაიზრდება, რაც მომხმარებელთა კლებაზე დადებით კონტექსტში აისახება. ამასთან, საგრძნობლად გაიზრდება ბიუჯეტში შენატანები“, - განაცხადა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საკითხის მომხსენებელმა, დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ.
შეგახსენებთ, რომ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ორი კომპონენტისგან შედგება, ერთია ფიქსირებული აქციზის განაკვეთი, რაც როგორც იმპორტირებულზე, ასევე ადგილობრივ წარმოებაზე 1.70 ლარს შეადგენს. მეორეა - ადვალური აქციზის განაკვეთი, რომელიც სარეალიზაციო ფასის 30%-ს შეადგენს. აღნიშნული განაკვეთი 2019 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს.