რუსეთში კონიაკის გაყიდვებით საქართველო მესამე ადგილზეა

კონიაკი

რუსეთში კონიაკის გაყიდვებით საქართველო ტოპ 5-ეულშია და მესამე ადგილი უკავია. ამის შესახებ რუსული „კომერსანატი“ ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, იანვარ-ივნისის პერიოდში რუსეთში 816.7 ათასი დეკალიტრი (დალ) ქართული კონიაკი გაიყიდა (1 დალ=10 ლიტრს). ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4%-ით მეტია. ამასთან, რუსულ ბაზარზე კონიაკებზე მოთხოვნის მთლიან სტრუქტურაში საქართველოს წილი 11.9%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში სომხური კონიაკის გაყიდვების 12.2%-ით შემცირების მიუხედავად, სომხეთი საქართველოზე ერთი პოზიციით წინ, მეორე ადგილზეა. კერძოდ, იანვრიდან-ივნისის პერიოდში რუსეთში სომხური კონიაკის საცალო გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 12.2%-ით შემცირდა და 1.37 მლნ დეკალიტრი შეადგინა. სომხეთის წილი კონიაკის მთლიან მოთხოვნაში 20%-ია, რაც წინა წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ალკოჰოლური სასმელების ბაზრის ექსპერტები განმარტავენ, რომ სომხური პროდუქციის გაყიდვების შემცირება შეზღუდვებით არის განპირობებული. კერძოდ, მაისში „როსპოტრებნადზორმა“ სამი მწარმოებლის, „ვედი-ალკოს,“ „აბოვიანის კონიაკის ქარხნისა“ და „შახნაზარიანის ღვინისა და კონიაკის სახლის“ გაყიდვები შეაჩერა.

რუსულ გილდია „ალკოპროს“ შეფასებით, სომხურ კონიაკს რუსეთის ბაზარზე პერსპექტივა აღარ აქვს და თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას მხოლოდ ყველაზე პოპულარული და დაძველებული ბრენდები, „არარატი“ და „ნოა“ შეძლებენ. თუმცა, მომავალში გარე ფაქტორებმა შესაძლოა, ამ პროდუქტებზეც იმოქმედოს.

ამდენად, „ალკოპრო“ პროგნოზირებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სომხურ კონიაკს თაროებზე საქართველოში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში წარმოებული სასმელები ჩაანაცვლებს. კომპანიის პროგნოზით, ეს ქვეყნები სომხეთს, ასევე, კონიაკის დისტილატის მიმწოდებლების რანგშიც გაუსწრებენ, რომელსაც რუსული ალკოჰოლური სასმელების კომპანიები მზა პროდუქციის ჩამოსხმისთვის იყენებენ. მაგალითად, „სოიუზკონიაკის“ მონაცემებით, რუსეთმა 2025 წელს 4.5 მლნ დეკალიტრი ამ ნედლეულის იმპორტი განახორციელა, საიდანაც 2.1 მლნ დეკალიტრი სომხეთიდან იყო.

იანვარ-ივნისის პერიოდში რუსეთში კონიაკის გაყიდვებით ტოპ-5 ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 4.465.6 მლნ დალ (წლიურად -3.4%; ბაზრის წილი 65.1%);
  • სომხეთი - 1.370.3 მლნ დალ ( -12.2%; ბაზრის წილი 20%);
  • საქართველო - 816.7 ათასი დალ (+0.4%; ბაზრის წილი 11.9%);
  • ესპანეთი - 63.4 ათასი დალ (-5.7%; ბაზრის წილი 0.9%);
  • უზბეკეთი - 45.9 ათასი დალ (+53.6%; ბაზრის წილი 0.7%).

აღსანიშნავია, რომ კვლევაში რუსულ ბაზარზე ფრანგული კონიაკის გაყიდვების მონაცემები არ არის შესული.

მთლიანობაში, ბაზრის მონაწილეების შეფასებით, რუსეთში წლის პირველ ნახევარში კონიაკის გაყიდვები (ფრანგულის გამოკლებით), წინა წელთან შედარებით, 4.6%-ით შემცირდა და 6.85 მლნ დეკალიტრს მიაღწია.