სად და რა ფასად ვყიდულობთ საქონლის გაყინულ ხორცს, რომელიც მსოფლიოში რეკორდულად გაძვირდა

გაყინული ხორცი

საქართველოში საქონლის გაყინული ხორცის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მიხედვით, წელს იანვარ-მარტში ქვეყანაში 1 395 ტონა (6.330 მლნ აშშ დოლარის) გაყინული ხორცი შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში - 1 129 ტონა ( 4.895 მლნ აშშ დოლარის).

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში, საქონლის გაყინული ხორცის ნომერ პირველი იმპორტიორი ბრაზილიაა, რომელზეც მთლიანი იმპორტის თითქმის 79% მოდის.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 3 თვეში, საქართველოში ყველაზე მეტი გაყინული ხორცი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  • ბრაზილია - 1097 ტონა ( 4.463 მლნ აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 194 ტონა ( 938.7 ათასი აშშ დოლარი)
  • ლიეტუვა - 60.3 ტონა ( 648.1 ათასი აშშ დოლარი)
  • არგენტინა - 28 ტონა ( 91.7 ათასი აშშ დოლარი)
  • ბელარუსი - 8 ტონა ( 58.7 ათასი აშშ დოლარი)

ამ მონაცემების მიხედვით გამოდის, რომ ქვეყანას 1 კგ ბრაზილიური გაყინული ხორცი საშუალოდ 4 აშშ დოლარი დაჯდა, უკრაინული - 4.84 აშშ დოლარი, ლიეტუვური - 10.75 აშშ დოლარი, არგენტინული - 3.28 აშშ დოლარი, ბელარუსული - 7.34 აშშ დოლარი.

(შენიშვნა: ფასი გამოყვანილია საშუალო მაჩვენებლით, გადასახადების გარეშე)

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ხორცის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ, FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი აპრილში, საშუალოდ, 129.4 პუნქტს შეადგენდა, რაც მარტთან შედარებით 1.6 პუნქტით, ანუ 1.2%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.8 პუნქტით, ანუ 6.4%-ით მეტია.

ზრდა ხორცის ყველა კატეგორიის გაძვირებას ასახავს, გარდა ცხვრის ხორცის კოტირებებისა, რომლებიც, ძირითადად, სტაბილური დარჩა. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის ფასებმა ახალ პიკს მიაღწია, რასაც ბრაზილიაში სასაკლაოსთვის განკუთვნილი პირუტყვის შეზღუდული მარაგის ფონზე ექსპორტის კოტირებების ზრდამ ხელი შეუწყო.