საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა - რომელ დარგებშია ყველაზე მაღალი

ხელფასი

2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2%-ით);
  • მშენებლობა - 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3%-ით).

„2026 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927 ლარი, ხოლო კაცების - 2 856.4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 200.5 ლარი (7.6%).

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2026 წლის მე-2 კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 463.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2%-ით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 693 ლარი, გაიზარდა 7.3%-ით).

2026 წლის მე-2 კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215 ლარით (10.6%) გაიზარდა და 2 239 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა-მთიანეთი“, - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.