1778651867
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო, ადამიანები მგზავრობის საფასურს ვერ იხდიან - ქვეყანა ახრჩობს მოქალაქეებს“
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა გახდეს უფასო,“ - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
პოლიტიკოსმა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საარსებო კრიზისია ქვეყანაში“.
„პირველ რიგში, ამ პრობლემის გადასაჭრელად, რაც აქამდეც უნდა გაკეთებულიყო და რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფასო.
ეს ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან ბევრი ქვეყნის ბევრ დედაქალაქში გამოიყენება, საარსებო კრიზისის დროს. ერთ დღეში გაკეთებადი არის ეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა გახდეს უფასო.
როდესაც მე ვამბობ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო გახდეს და არამოქალაქეებისთვის უნდა ღირდეს, რაც ღირს, ეს თემა ასევე ძალიან სერიოზულ ფაქტებამდე მიდის.
მაგალითად, მუშტაიდის ბაღში, სადაც ახალი პარკი გაკეთდა, 15 ლარი ღირს შესვლა. მე მყავს ბავშვი და ვიცი. როგორ შეიყვანს ორ ბავშვს თბილისში მაცხოვრებელი ადამიანი? ან მარტვილის კანიონში, ან უფლისციხეში?!
ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ყოფნა რთულია, იმიტომ რომ ქვეყანა ამ მოქალაქეებს ახრჩობს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
წამყვანის კითხვაზე, რამდენად იმოქმედებს ეს შეღავათი სოციალურად მოწყვლად ფენაზე, რომლებიც ისედაც სარგებლობენ შეღავათებით, ანა დოლიძემ უპასუხა, რომ ყოველდღიურად საზოგადოებრივ ტრანსპორტში უამრავი ფაქტი ხდება, როდესაც მონიტორინგის სამსახური ადამიანებს აჯარიმებს იმის გამო, რომ ისინი მგზავრობის საფასურს ვერ იხდიან.
„შეგვიძლია ყოველ დღე ერთად გავიდეთ და ვკითხოთ იმ ინსპექტორებს, რომლებიც ამოწმებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რამდენ კონფლიქტს, შეურაცხყოფას იტანენ ყოველ დღე, იმიტომ, რომ ადამიანები ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადს ვერ იხდიან.
ეს არის რეალური ფაქტი და თუ ვინმეს ამისი არ სჯერა, მარტივად შეუძლია გადაამოწმოს. რა თქმა უნდა, „ოცნებას“ არ ვგულისხმობ, იმიტომ, რომ ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დადიან.
5 მლნ ლარი მარტო ჯარიმებით იყო ამოღებული 2025 წელს. იმ წელს, როცა ყველანაირი საერთაშორისო დახმარება, ინვესტიცია შეჩერდა და ეს ფული კიდევ „ზევიდან“ ჩვენი ჯიბეებიდან ამოიღეს,“ - განაცხადა დოლიძემ.
მან რეგიონული ტრანსპორტის გაძვირებასა და ქართული სოფლის დაცარილებეაზეც გააკეთა კომენტარი.
„რეგიონული ტრანსპორტი გაძვირდა. ადამიანები, რომლებიც თბილისის გარეთ მოძრაობენ, აქვთ საცხოვრებელი, ელემენტარული სარჩო, მათ ვუძვირებთ მგზავრობას.
სოფელი ხომ აღარ არსებობს? „ქართულმა ოცნებამ“ მოკლა ქართული სოფელი, სადაც ბავშვი, ახალგაზრდა, მეურნეობა აღარ არსებობს.
ნახევარი საქართველო უცხოეთში ცხოვრობს და სწავლობს და ყველამ იცის, რომ ცხოვრების იდეალი არის ეს - ცხოვრება კარგ ეკოლოგიურ გარემოში, თავისი პატარა მეურნეობით - ეს იდეა ჩვენთან მოკვდა,“ - აცხადებს ანა დოლიძე.
პარტია ხალხისთვის თავმჯდომარის თქმით, უსამართლო ეკონომიკურ სისტემაში ადამიანებს საწვავისა და პროდუქტების გაძვირებასთან ერთად, გაუძვირდათ სესხებიც.
„ჩვენი სისტემა არის უსამართლო ეკონომიკური სისტემა. საარსებო კრიზისია ქვეყანაში და მოუმატეს სესხებს.
ანუ 200 ათას ადამიანს, რომელმაც გაბედა და ასეთ უსამართო ეკონომიკურ გარემოში ბინა იყიდა, რაღაცას შეწვდა, მივიდნენ და სესხზე საპროცენტო განაკვეთი მოუმატეს. ამის პარალელურად ბენზინი ხომ გაძვირდა, საკვები ხომ გაძვირდა, ახლა სესხიც გაძვირდა,“ - განაცხადა მან.



