1766045873
„კერძო კლინიკებში, რომლებიც არ არიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ექთნების ხელფასი ხშირად 2 ლარზე ნაკლებია“
საქართველოში ექთნების ხელფასი წლებია კრიტიკას ვერ უძლებს. მართალია, 2023 წლიდან ამოქმედდა რეგულაცია, სადაც ექთნების მინიმალური ანაზღაურების პუნქტი გაიწერა, (დღეს საათში საშუალოდ 5 ლარს შეადგენს) თუმცა ესეც იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. სხვა შემთხვევაში, როგორც "სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრში" ამბობენ, ხშირად ექთნების ანაზღაურება საათში 2 ლარი ან შეიძლება ნაკლებიც კი იყოს.
ამასთან, როგორც ცენტრის მთავარი იურისტი დავით ომსარაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ტენდენცია კლინიკებში დასაქმებული ექთნების სახელფასო პოლიტიკის კუთხით დადებითია, თუმცა არასაკმარისი. მისივე თქმით, სექტორში კვლავ მძიმე სამუშაო პირობებია და ხშირ შემთხვევაში, ერთ ექთანს ღამეში 20-ზე მეტი პაციენტის მოვლა უწევს.
„ტენდენცია დადებითია, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ექთნებისთვის უპირველესი გამოწვევა ანაზღაურებაა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან მათი ანაზღაურება, როგორც წესი, წლების განმავლობაში იყო საარსებო მინიმუმზე ნაკლებიც კი. ძალიან ბევრი ექთანი გავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ, შესაბამისად, ქვეყანას აქვს უდიდესი პრობლემა კვალიფიციური ექთნების. ეს მხოლოდ ზეპირი შეფასება არ არის. ყოველ დღე გვაქვს ურთიერთობა კლინიკებში დასაქმებულებთან, რომლებიც ამბობენ, რომ კლინიკებს აღნიშნული პრობლემა აქვთ.
რეალურად, ახლა მუშაობენ ექთნები, რომლებსაც აქვთ მაღალი დატვირთვა და დაბალი ანაზღაურება. ჩვენი არაერთი ბრძოლისა და საჯარო კამპანიის შედეგია, რომ ამ საკითხზე დაიწყო საუბარი და დაფიქრდა მთავრობაც. როგორც მოგეხსენებათ, დაიწყო მინიმალური ანაზღაურების დამკვიდრება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პირებისთვის. პირველ რიგში, ექიმებისა და ექთნებისთვის. ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ ამ სფეროში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნენ სანიტრებიც და უკლებლივ ყველა პირი, რომელიც ჯანდაცვის სექტორშია დასაქმებული. იმიტომ, რომ როგორც უკვე გითხარით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის ანაზღაურება, რაც კლინიკებში დასაქმებულებს აქვთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ექთნებზე საუბარი საკმარისი არ არის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არანაკლებ ცუდ მდგომარეობაში არიან სანიტრები, რეინჯერები და ა.შ“, - განაცხადა დავით ომსარაშვილმა.
იურისტის თქმით, ანაზღაურების მხრივ უფრო მეტად პრობლემა იმ კლინიკებშია, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ არიან ჩართულები: „კანონმდებლობამ მინიმალური ანაზღაურების სტანდარტი ასე თუ ისე დაარეგულირა, დადგინდა ამ სფეროში მინიმალური ხელფასი - ეს არის დაახლოებით 5 ლარი საათში. თუმცა, არის კერძო კლინიკები, რომლებიც არ არიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და იქ დასაქმებული ექთნების ანაზღაურება გაცილებით ნაკლებია. ეს შეიძლება უტოლდებოდეს 2 ლარს ან გაცილებით ნაკლებსაც კი საათში.
გვქონდა კიდეც დაინიცირებული კანონპროექტი თავის დროზე. ვითხოვდით, რომ მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საშუალო ხელფასის 45% მაინც. როდესაც საქსტატი იტყვის, რომ საშუალო ხელფასი არის დავუშვათ 2 000 ლარი, ამ თანხის 45% იყო ჩვენი მოთხოვნა. ვიცით ჩვენ, ამასაც როგორ არასწორად ითვლიან, თუმცა მაინც. ეს რეალური მოთხოვნა იყო იმ პერიოდში. სამწუხაროდ, უარი თქვა პარლამენტმა და არ მიიღო ეს, როგორც კანონი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს ქვედა ზღვარი უბრალოდ. ადამიანებს, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს, უნდა ჰქონდეთ ღირსეული, საცხოვრებელი ხელფასი. ღირსეული საცხოვრებელი ხელფასი კი ეს არ არის მინიმალური ანაზღაურება. უნდა ითვალისწინებდეს ისეთ საკითხებს, რომ ადამიანი ერთ სამსახურში მუშაობდეს, მას შეეძლოს იცხოვროს ღირსეულად“, - ამბობს დავით ომსარაშვილი.
ნაკლები ექთანი, მეტი დატვირთვა - კლინიკების ახალი სტანდარტი?!
დავით ომსარაშვილის თქმით, დღეს კლინიკები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ექთანი ჰყავდეთ. მათი დატვირთვა კი ძალიან დიდია. განსაკუთრებით საუბარია კერძო კლინიკებზე.
„თუ 12 საათის განმავლობაში ექთანი უნდა მუშაობდეს ერთ განყოფილებაში, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ექთნებს ამუშავებენ არაერთი მიმართულებით, არაერთ განყოფილებაში. აქედან გამომდინარე, მათ უწევთ უფრო მეტი ვალდებულებების შესრულება, ვიდრე აქამდე უწევდათ, მაგრამ აქვთ იგივე ანაზღაურება. თუ კლინიკას ჰყავდა 2 ექთანი მორიგეობაზე და ინაწილებდნენ შესასრულებელ სამუშაოს, გარკვეულმა კლინიკებმა შეამცირეს ეს რაოდენობა. მათი პოზიცია არის ის, რომ პაციენტები არ გვყავს, შემოსავლები არ გვაქვს და ასე შემდეგ. გვქონია შემთხვევა, მოუწოდებიათ ინფორმაცია, რომ ერთი ექთანი ღამეში მოემსახურა 20 პაციენტზე მეტს.
ექთნების 90% 24-საათიან ცვლაში მუშაობს. 24-საათიანი ცვლა ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები სხვისი ჯანმრთელობის დაცვის დროს, ინადგურებენ საკუთარს. წლები მუშაობენ ისინი ასე. რადგან დაბალია ანაზღაურება ერთ სამსახურში, უწევთ, რომ ორ სამსახურში დასაქმდნენ. ეს რას ნიშნავს... როგორც წესი, 3 დღეში ან 4 დღეში ერთხელ თუ უნდა გაეთენებინათ ღამე, ერთ სამსახურში რომ ასრულებენ 24-საათიან მორიგეობას, მეორეში მიდიან. გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანები მუშაობენ გადაბმულად 48 საათი, ოღონდ სხვადასხვა დამსაქმებელთან“, - ამბობს იურისტი.
სამედიცინო სფეროში არსებული დაბალი ანაზღაურების გამო, ბევრი ექთანი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა და სამსახური სხვაგან მოეძებნა. იმის გამო, რომ ექთნების სიმცირის პრობლემა ევროპაშიც დგას, ქართველ სამედიცინო პერსონალს იქ სამსახურის მოძიება ფაქტობრივად, არ უჭირს.
„ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა ევროპაში. არის რაღაც გარკვეული პროგრამები იქ. ევროპის ქვეყნებიც ითხოვენ იმიტომ, რომ მათაც აქვთ კვალიფიციური მუშახელის პრობლემა. იქ საქმდებიან ექთნებად და იღებენ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას. ვინ დარჩა ახლა ბაზარზე სამუშაოდ? პირველი, რომელსაც იყენებენ და ესენი არიან სტუდენტები. ან დამწყები ექთნები, რომლებსაც არ აქვთ დიდი გამოცდილება. სტუდენტებს ამუშავებენ სტაჟირების სახელითაც, ზოგჯერ ასაქმებენ კიდეც, მაგრამ ისინი დამწყებები არიან. ამასთანავე, აქვთ მოლოდინი, რომ როდესაც უნივერსიტეტს დაამთავრებენ, ექიმები გახდებიან და შესაბამისად, არ შეუძლიათ იბრძოლონ ამ პირობების გასაუმჯობესებლად.
შემდეგ ეს ყველაფერი იწვევს მიწოდებული ჯანდაცვის სერვისის გაუარესებასაც. ერთი, რომ ექთნებს მოტივაცია არ აქვთ და ეგ გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ჩვენ საქართველოში გვყავს ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი პროფესიონალი. ადამიანები, რომლებიც არ ტოვებენ ამ სფეროს, რადგან შეყვარებულები არიან თავიანთ საქმეზე. თუმცა, ისინი არიან გადაღლილები. მათ არ შეუძლიათ ერთდროულად მოემსახურონ ათეულობით პაციენტს და ამასთან, ათენონ გადაბმულად ღამეები. გადაღლილი, მოტივაცია დაკარგული ექთანი, ვერ შეასრულებს იმ სამუშაოს, რასაც წესით და რიგით უნდა ასრულებდეს. ეს, რა თქმა უნდა, შექმნის პრობლემას“, - აცხადებს დავით ომსარაშვილი.



