მიხეილ სარჯველაძე: წელს საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი 3 ათასს გასცდება - წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია

ჯანდაცვა • 1795671339
მიხეილ სარჯველაძე

„წელს საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი 3 ათასს გასცდება - წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოეთიდან ჩამოსული“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წყვილები სუროგაციისთვის საქართველო ირჩევენ, როგორც იაფი მომსახურების გამო, ასევე იმ მიზეზით, რომ სუროგაცია ყველა ქვეყანაში არ არის ხელმისაწვდომი.

„საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი შეიძლებოდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. იმდენად დერეგულირებული იყო ეს სფერო, რომ, ბუნებრივია, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა ბევრი თვალსაზრისით და ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო - ყოველწლიურად მზარდი დინამიკაა და წელს იქნება რეკორდული მაჩვენებელი.

გაითვალისწინეთ, რომ წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოეთიდან ჩამოსული. წელს საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი 3 ათასს გასცდება. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოელების მიერ სუროგაციით ბავშვის შექმნა და ბუნებრივია, ეს ძალიან სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ სიიაფის გამო ხდებოდა, უბრალოდ, ეს არ არის ყველგან ხელმისაწვდომი“, - აცხადებს სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები.