1794208854
„პროფესიას საერთოდ ტოვებენ - 792 ლარი გამოდის ექთნის ხელფასი, ორ-სამ ადგილას უწევთ მუშაობა, რაც მომსახურების ხარისხზეც აისახება“
„თუ ზეგანაკვეთურ შრომას არ გავითვალისწინებთ, ექთნის ხელფასი 792 ლარი გამოდის - ღამენათევი მეორე ან მესამე სამსახურში რომ წავა, იქ უკვე მომსახურების ხარისხი, რა თქმა უნდა, იკარგება,” - ამის შესახებ მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარემ ირაკლი ამირანაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ექთნების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, დაბალი ანაზღაურების გამო კი სამედიცინო პერსონალის ნაწილს ერთდროულად ორ-სამ ადგილას უწევს მუშაობა.
ამასთან, როგორც ამირანაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ზოგიერთი ექთანი პროფესიას ტოვებს და სხვა სექტორში საქმდება, ნაწილი კი ემიგრაციაში მიდის, სადაც ანაზღაურება გაცილებით მაღალია.
ირაკლი ამირანაშვილის განმარტებით, სამედიცინო სექტორში მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, თუმცა არსებული თანხა ინფლაციის გათვალისწინებით საკმარისი არ არის.
მისივე თქმით, დაბალი ანაზღაურება არა მხოლოდ ექთნების პროფესიულ საქმიანობაზე, არამედ პაციენტების მომსახურების ხარისხზეც აისახება.
„სამწუხაროდ, ექთნების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. ჩვენც გვაქვს ჩატარებული კვლევა და 2025 წლისთვის საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 20-21 ათასი ექთნის რეგისტრაცია ფიქსირდება. თუმცა, მოგეხსენებათ, ექთნების მიგრაცია ხდება. ვინც უცხო ენას, მაგალითად, გერმანულს ფლობს, ევროპაში მიდის, იმიტომ რომ იქ ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.
როგორც იცით, პროფკავშირების, ჯანდაცვის სამინისტროსა და ერთობლივი მუშაობის შედეგად სამედიცინო სექტორში მინიმალური ხელფასი დაწესდა, რაც მისასალმებელია, იმიტომ რომ მანამდე ასეთი მინიმალური ანაზღაურება არ არსებობდა და დამსაქმებელს შეეძლო, დასაქმებულისთვის თავად განესაზღვრა, რამდენს გადაუხდიდა.
ექთნის ხელფასის შემთხვევაში დამსაქმებელს ოფიციალურად 4 ლარსა და 40 თეთრზე ნაკლების გადახდის უფლება არ აქვს. თუმცა, აქ ორი უკიდურესობა მოხდა: ერთ შემთხვევაში, ვისაც კერძო კლინიკაში უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, დამსაქმებელმა ხელფასი შეუმცირა და ტყუილს ამბობს, თითქოს სამინისტრო აიძულებს, რომ 4 ლარი და 40 თეთრი გადაუხადოს. ამით დასაქმებული შეცდომაში შეჰყავს. სამინისტრო ამას არ ეუბნება; პირიქით, ეუბნება, რომ მინიმუმ ეს თანხა უნდა გადაუხადოს. თუ მეტს გადაუხდის, ამას სამინისტროც და ყველა მიესალმება.
მეორეს მხრივ, ვისაც ამ მინიმუმზე ნაკლები ჰქონდა, ხელფასი გაეზარდა და 4 ლარსა და 40 თეთრს გაუთანაბრდა. თუმცა, ეს თანხა მაინც ცოტაა. დაახლოებით რომ დავითვალოთ, არსებული სამუშაო გრაფიკით, კვირაში 40 საათის მუშაობის შემთხვევაში, თუ ზეგანაკვეთურ შრომას არ გავითვალისწინებთ, ექთნის ხელფასი 792 ლარი გამოდის.
თუ ზედმეტად იმუშავა და ზეგანაკვეთურად აუნაზღაურებენ, ეს უკვე შეთანხმების საკითხია. მთავარია, დამსაქმებელმა კანონი არ დაარღვიოს. ამ დაბალი ანაზღაურების გამო დასაქმებულს ორ-სამ ადგილას უწევს მუშაობა.
შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ღამენათევი ექთანი მეორე ან მესამე სამსახურში რომ წავა, იქ უკვე მომსახურების ხარისხი, რა თქმა უნდა, იკარგება - აღარ არის ისეთი ენერგიული, პროდუქტიული და ასე შემდეგ. ამას ემატება ისიც, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ერთ ექთანზე იმაზე მეტი პაციენტის მოვლა მოდის, ვიდრე უნდა მოდიოდეს.
ზოგადად, ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს არა მხოლოდ ექთნების, არამედ ექიმებისა და სანიტრების ანაზღაურების მიმართულებითაც. აქ მთლიანად სამედიცინო სექტორზეა საუბარი.
კი, მინიმალური ხელფასი დაწესდა და ეს, რა თქმა უნდა, კარგი და მისასალმებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ესეც არ არის საკმარისი ქვეყანაში არსებული ინფლაციიდან გამომდინარე“, - აცხადებს ირაკლი ამირანაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“.
მისივე შეფასებით, მინიმალური ანაზღაურების გადახედვა აუცილებელია, თუმცა კერძო სექტორში დამსაქმებლების ვალდებულებების განსაზღვრა დამატებით გამოწვევად რჩება.
„უნდა მოხდეს გადახედვა. ახლა სამინისტრომ, რაც შეეძლო, მინიმალური ხელფასი დააწესა, რაც სხვა სექტორში არ არის. მე, როგორც მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე, მივესალმები ამ ფაქტს, იქიდან გამომდინარე, რომ დამსაქმებელს ვაიძულებთ, დასაქმებულებს ახალი ხელშეკრულებები გაუფორმოს და ეს მინიმალური ხელფასი აისახოს, რათა კანონი არ დაარღვიოს.
თუმცა, სასურველი იქნებოდა, ანაზღაურება უფრო მაღალი იყოს. კერძო სექტორში კი არ ვიცი, სამინისტრო რამდენად შეძლებს, დამსაქმებელი დაავალდებულოს, რომ ხელფასებს გადახედოს და უფრო მაღალი ანაზღაურება დააწესოს“, - აღნიშნავს ირაკლი ამირანაშვილი.
მისი თქმით, ექთნების რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი პროფესიის დატოვებაა. როგორც მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე ამბობს, სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს სხვა სექტორებში ხშირად უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა აქვთ, რის გამოც პროფესიაში დარჩენა აღარ უღირთ.
„ექიმებისა და ექთნების თანაფარდობაზე რომ გითხრათ გაუმჯობესდა-მეთქი, მოგატყუებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგმა პროფესიული საქმიანობაც მიატოვა. ვისაც უყვარს თავისი პროფესია, ის ანაზღაურებასაც დიდად არ აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ ბევრისთვის ეს ენთუზიაზმზე მუშაობაა. ეს ანაზღაურება, რაც არის, ძალიან მინიმალურია.
ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ექთანმა მითხრა, რომ მომვლელს 800 ლარს უხდიანო და ამ ადამიანს თავად, სანამ ეს მინიმალური ანაზღაურება დაწესდებოდა, სადღაც 200-250 ლარი ჰქონდა ხელფასი. ანუ აღარ უღირს - წავა, მარკეტში იმუშავებს ან სხვა სექტორში გადავა, იმიტომ რომ იქ ანაზღაურება უფრო მაღალია და შესაბამისად, პროფესიასაც კარგავს.
ზოგი ემიგრაციაში მიდის და იქ პოულობს თავის ადგილს, იმიტომ რომ ანაზღაურება, რა თქმა უნდა, უფრო მეტია. აქედან გამომდინარე, კლება გვაქვს. მუშაობენ ახალგაზრდებიც, მეხუთე-მეექვსე კურსის სტუდენტები, რომლებიც მორიგეობენ.
ახალგაზრდა ადამიანისთვის ეს თანხა შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ ვისაც ოჯახი აქვს, საბანკო ვალდებულებები აქვს, შვილები ჰყავს და მათ განათლებაზე ზრუნავს, მისთვის ეს ანაზღაურება საკმარისი არ არის, რაც არ უნდა მინიმალური ხელფასი იყოს დაწესებული.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 95% კერძო სექტორშია და მხოლოდ ერთეულია სახელმწიფო, მათ შორის, ის დაწესებულებები, რომლებიც ჰოლდინგში შედის. კერძო სექტორს კი როგორ დაავალდებულებენ, რომ ანაზღაურებას გადახედოს და უფრო მაღალი ხელფასი მისცეს დასაქმებულებს, ეს უკვე არ ვიცი“, - აცხადებს ირაკლი ამირანაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან".
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული ექთნების საშუალო ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება სტაციონარულ დაწესებულებებში 5.78 ლარს, ამბულატორიულ დაწესებულებებში კი 4.72 ლარს შეადგენს.
უწყების განმარტებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის ექთნის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 4.4 ლარით არის განსაზღვრული.
„საქსტატის“ მონაცემებით კი, 2025 წელს საქართველოში საექთნო საქმიანობას 21 262 ექთანი და მეანი ექთანი ახორციელებდა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში ამ ეტაპზე 14 300 ექთანია ავტორიზებული.



