დუბაის უმსხვილესმა ბანკმა რუსების საინვესტიციო ანგარიშების დაბლოკვა დაიწყო - Forbes

დუბაის უმსხვილესი ბანკი Emirates NBD

არაბეთის გაერთიანებული საამიროების სიდიდით მეორე ბანკი, Emirates NBD (ENBD) რუს კლიენტებს აფრთხილებს, რომ თუ ისინი ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონის და შვეიცარიის რეზიდენტები არ არიან, მათი აქტივები ცალკე სეგრეგირებულ ანგარიშზე გადავა, რომლიდანაც ნაღდ ანგარიშსწორებაზე შეზღუდვები დაწესდება.

ასეთი გაფრთხილებით ბანკი რუს კლიენტებს წერილობით მიმართავს, რომელიც Forbes-მა მოიპოვა. ასევე, ბანკის ორმა კლიენტმა გამოცემას წერილის მიღების ფაქტი დაუდასტურა. კლიენტებისადმი მიწერილ წერილში ENBD მიუთითებს, რომ ნებისმიერი კუპონი და დივიდენდი, ისევე, როგორც ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ცალკეულ, სეგრეგირებულ ანგარიშზე მოხვდება, საიდანაც რუსი კლიენტი ENBD-ის ანგარიშებზე მათ გადარიცხვას ვერ შეძლებს.

რუსები ფასიანი ქაღალდების ანგარიშიდან გაყიდვას სტანდარტული DVP-მექანიზმით (delivery versus payment) კი არა, მხოლოდ FOP-გადახდით (free-of-payment) შეძლებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხარეებს შორის ფასიანი ქალალდებისა და თანხის ერთდროული მოძრაობა კი არ ხდება, არამედ ფულის გადარიცხვა მხოლოდ ქაღალდების გადაცემას მოსდევს. გამყიდველ მხარეს, როგორც წესი, FOP-მექანიზმი არ მოსწონს, რადგან ეს მისთვის დამატებით რისკებს შეიცავს. კერძოდ, ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ გარიგება საბოლოოდ არ დასრულდეს და გაუქმდეს, რის შემდეგაც რაიმე მიზეზით ფასიანი ქაღალდები გამყიდველს შესაძლოა, აღარ დაუბრუნდეს.

ENBD განმარტავს, რომ შეზღუდვები „ევროკავშირის დირექტივას“ შეესაბამება და გამონაკლისად არც ის რუსები ჩაითვლებიან, რომლებსაც გაერთიანებულ საამიროებში რეზიდენცია აქვთ.

Forbes წერს, რომ ENBD, ევროპული და შვეიცარიული ბანკების მსგავსად, დეპოზიტარების, Clearstream-ისა და Euroclear-ის მომსახურებას იყენებს, ამიტომ ვალდებულია, დეპოზიტარის მოთხოვნა შეასრულოს.

გამოცემის შეფასებით, ის, რაც ბანკმა განაცხადა, ნიშნავს, რომ ENBD-ის რუსი კლიენტები თავიანთ პორტფელებზე გადახდებს, გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს, ასევე, დივიდენდებსა და კუპონებს აღარ მიიღებენ, მაშინ, როცა რუს ინვესტორებს ევროპის დეპოზიტარებში არსებული აქტივები „მეგობრულ“ იურისდიქციაში, ანუ ENBD-ში მასიურად გადაჰქონდათ.

Forbes-ის ცნობით, რუს კლიენტებს ENBD-სგან წერილები მასიურად ამ კვირის დასაწყისში დაეგზავნათ. შეზღუდვები შეეხება როგორც Clearstream-ში, ასევე, Euroclear-ში შენახულ აქტივებს.

ცნობისთვის: ახლახან წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკებმა, UBS-მ და Сredit Suisse-მ დააანონსეს, რომ რუსი კლიენტების გადარიცხვებზე მონიტორინგს იწყებენ. ასევე, დაიხურება იმ მომხმარებლების ანგარიშები, რომლებიც რუსეთის ბიუჯეტში გადასახადებს იხდიან. რუს კლიენტებს აფრთხილებენ, რომ თუ ისინი არ შეწყვეტენ რუსეთში მდებარე კომპანიების ფლობას და ფედერაციის ბიუჯეტში გადასახადების გადახდას, ბანკებს მათი ანგარიშების დახურვა მოუწევთ. ბანკები ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ასეთი კლიენტები გადასახადებს უხდიან იმ სახელმწიფოს, რომელიც უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს.