Microsoft-ი 11 000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

კომპანია მაიკროსოფტი

კომპანია Microsoft-ი მორიგი ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც მიმდინარე წელს თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გეგმავს.

Sky News-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიური კომპანია მომდევნო თვეების განმავლობაში 11 000-მდე თანამშრომელს დაითხოვს, რაც მთლიანი სამუშაო ძალის 5%-ია.

ამჟამინდელი მონაცემებით, კომპანია 221 000 თანამშრომელს ასაქმებს, აქედან 122 000 ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის; დანარჩენი 99 000 კი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების განთავისუფლების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Amazon, Meta, Tesla და JPMorgan.

ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი საკმაოდ მარტივია - გაუარესებული კვარტალური შედეგებისა და გაზრდილი რეცესიული რისკების ფონზე, მსხვილ კომპანიებს ხარჯების შემცირება და აქციონერებისთვის საუკეთესო შედეგების ჩვენება სურთ, რისი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა სწორედ სამუშაო ძალის შემცირებაა.