პირველად 24 წლის მანძილზე თურქეთის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

საფონდო ბირჟა

თურქეთის საფონდო ბირჟამ აქციებით, ფიუჩერსებით და ოფციონებით ვაჭრობა შეაჩერა. 24 წლის განმავლობაში, თურქეთში მსგავსი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა.

ბირჟის საშუალო Borsa Istanbul 100 ინდექსი 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე უარეს ყოველკვირეულ მაჩვენებელს უახლოვდება, რადგან კვირის დასაწყისში ძლიერი მიწისძვრების შემდეგ, აქციების გაყიდვის ტემპი გაიზარდა.

აქტივების მართვის კომპანია Marmara Capital-ის დამფუძნებლის, ჰაიდარ აკუნის თქმით, მსგავსი კატასტროფების დროს, ინვესტორების დასაცავად, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შეჩერება უკეთესი გადაწყვეტილებაა.

ვაჭრობის განახლების დრო უცნობია.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის გათვლებით, მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ეკონომიკური ზარალი, სავარაუდოდ, $1-იდან $10 მილიარდამდეა. მონაცემების თანახმად, ზარალმა შესაძლოა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე შეადგინოს.

6 თებერვალს, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17.9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა. გუშინვე, ადგილობრივი დროით, 13:24 საათზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა კაჰრამანმარასის პროვინციაში დაფიქსირდა.

BBC-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 9000-ს გადააჭარბა.