რამდენი მილიარდის ზარალი მიიღო თურქეთმა მიწისძვრის შედეგად?

მიწისძვრა თურქეთში

თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის ზუსტი შედეგები და ზარალის მოცულობა ცნობილი ჯერაც არ არის, თუმცა თურქეთის სამეწარმეო და ბიზნეს კონფედერაციის წინასწარი შეფასებით, სტიქიური უბედურებისგან მიღებული ზარალის მოცულობა 85 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%-ია.

$70 მილიარდის ზარალი შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე მოდის; $10 მილიარდი კი - ეროვნული საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაზე.

მიწისძვრამ თურქეთის 10 პროვინცია და 14 მილიონი მოქალაქე დააზარალა. ამჟამინდელი მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 50,000-ს აჭარბებს.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქვეყანაში რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყება, ზუსტად ერთ წელში კი თითქმის სრულად აღდგება ქვეყნის დანგრეული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, გზები და გადამცემი ხაზები. რეკონსტრუქციის სახელმწიფო პროგრამის მოცულობა ჯერ ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირას რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 8.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა. ბანკის წარმომადგენლების განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება სწორედ მიწისძვრითაა განპირობებული, რის გამოც მარეგულირებელი იძულებული გახდა, განაკვეთი დაგეგმილზე უფრო სწრაფი ტემპით შეემცირებინა.