1789628336
TikTok-ის შემქმნელი აზიის უმდიდრესი ადამიანი გახდა
ByteDance-ის დამფუძნებელი ჟანგ იმინგი პირველად გახდა აზიის უმდიდრესი ადამიანი. როგორც Bloomberg-ი წერს, მან ინდოელი მეწარმე გაუტამ ადანი უკან მოიტოვა.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 43 წლის ჟანგის წმინდა ქონებამ 105 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მისი ზრდა ასახავს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სიმდიდრის ბოლოდროინდელ დომინირებას ტრადიციულ ინდუსტრიებთან შედარებით.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს რეკორდი ჟანგისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც მის მიერ შემუშავებული აპლიკაცია, TikTok, აშშ-ში თითქმის აიკრძალა. გამოცემა განმარტავს, რომ 2019 წლის მარტიდან ბიზნესმენის წმინდა ქონება 13 მილიარდი დოლარიდან რვაჯერ გაიზარდა.
ჟანგ იმინგი 1983 წელს ჩინეთის ფუჯიანის პროვინციაში, საჯარო მოხელეების ოჯახში დაიბადა. 2001 წელს ის ტიანძინში, ნანკაის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მიკროელექტრონიკის შესწავლა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაზე გადაერთო და 2005 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო.
2012 წელს ჟანგმა ByteDance პეკინში, პატარა ბინაში დააარსა. მისი მთავარი იდეა კონტენტის რეკომენდაციისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იყო. კომპანიის პირველი პროდუქტი იყო ახალი ამბების სააგენტო Toutiao, ხოლო 2016 წელს ByteDance-მა გამოუშვა აპლიკაცია Douyin, რომელიც საერთაშორისოდ TikTok-ის სახელით არის ცნობილი.



