სინგაპურის პორტებში რუსული ნავთობის "გადარევა" და რეექსპორტი ხდება - Bloomberg

ნავთობი

Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სინგაპურში რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების "გადარევა" ხდება და შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისე იყიდება.

ევროკავშირისგან განსხვავებით, სინგაპურს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი არ აუკრძალავს, თუმცა ქვეყანამ საფინანსო ინსტიტუტებს აუკრძალა რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა. ამის მიუხედავად, რუსული ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის საკითხი რეგიონისთვის კვლავ სენსიტიურია და ომის დაწყების შემდეგ იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნაკადი აზიასა და ახლო აღმოსავლეთში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

როგორც Bloombeg წერს, სინგაპურისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტებში ნავთობის "გადარევა", ხოლო შემდეგ რეექსპორტი ხდება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის 5 დეკემბრიდან ამოქმედდა ემბარგო, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა საზღვაო ტანკერებით რუსული ნავთობის იმპორტს. იმპორტის აკრძალვა ევროგაერთიანების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტის ნაწილი იყო.

რუსეთის საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს, მსოფლიოს 36 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო თითქმის 230 მილიონი ტონა ნავთობი, საიდანაც 47% ევროკავშირზე მოდიოდა.