15 324 დარღვევა 10 თვეში - თბილისის უბნები, სადაც გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ

გაზის გამათბობელი

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისში გაზის უსაფრთხოებაზე 274 777 აბონენტი შემოწმდა, საიდანაც დარღვევა 15 324 შემთხვევაში გამოვლინდა, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.

ამასთან, "თბილისი ენერჯის" მონაცემებით, მიმდინარე წელს გაზის არასწორად მოხმარების შედეგად, CO-თი მოიწამლა 32 ადამიანი; ხოლო აფეთქებისა და ინტოქსიკაციის გამო გარდაიცვალა 2 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილის საათებში ფო­ნი­ჭა­ლა­ში „უსი­ნათ­ლო­თა და­სახ­ლე­ბა­ში“ ხუთ სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო ჩა­მო­ინ­გრა. პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სავარაუდო მიზეზი ბუ­ნებ­რი­ვი აირის აფეთ­ქება გახდა.

აფეთქებიდან მალევე ნან­გრე­ვე­ბი­დან მაშ­ვე­ლებ­მა 4 პირი კონ­ტაქ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მო­იყ­ვა­ნეს. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათგან ერთს - 31 წლის მამაკაცს, სხეულის 87%-ის თერმული დამწვრობა აღენიშნება. ამასთან, რამდენიმე საათიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს 3 წლის თაია, რომელიც ასევე კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც უკვე ცნობილია, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, ძებნა-შველის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ პირს ეძებენ.

რაც შეეხება დედაქალაქის კონკრეტულ უბნებს, თუ სად რამდენი დარღვევა დაფიქსირდა გაზის უსაფრთხოდ მოხმარებასთან დაკავშირებით, "თბილისი ენერჯის" ცნობით, ყველაზე მეტი დარღვევა მიმდინარე წლის 10 თვეში ჩუღურეთში, ნაძალადევში, სამგორსა და ვარკეთილში ფიქსირდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თბილისის უბნებს, სადაც 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევდნენ:

  • ჩუღურეთი-ნაძალადევი - 3 255 გამოვლენილი დარღვევა;
  • სამგორი-ვარკეთილი - 2 781 გამოვლენილი დარღვევა;
  • გლდანი-სანზონა - 2 140 გამოვლენილი დარღვევა;
  • ისანი-ვაზისუბანი - 1 895 გამოვლენილი დარღვევა;
  • მთაწმინდა-კრწანისი - 1 589 გამოვლენილი დარღვევა;
  • საბურთალო-ნუცუბიძე - 1 385 გამოვლენილი დარღვევა;
  • დიდუბე-დიღომი - 1 220 გამოვლენილი დარღვევა;
  • ვაკე-წყნეთი - 1 059 გამოვლენილი დარღვევა.

BPN