1765452041
2026 წლიდან თანამდებობის პირების ხელფასები კვლავ იზრდება - ვის რამდენი ექნება ანაზღაურება
2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით იზრდება - აღნიშნულს ითვალისწინებს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლიდან იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო. მათ შორის არიან მინისტრები, მათი მოადგილეები, პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მაღალი - 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სარგო, ყველაზე დაბალი კოეფიციენტით კი (8), პარლამენტის წევრების ანაზღაურება.
საგულისხმოა, რომ კოეფიციენტით ხელფასების გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება, რომელიც კონკრეტული წლის ბიუჯეტით განისაზღვრება. ასე მაგალითად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარი იქნება.
„ბიზნესპრესნიუსი“ საბაზო თანამდებობრივი სარგოს მოცულობის გათვალისწინებით გთავაზობთ, რამდენი იქნება თანამდებობის პირების ხელფასები მომავალი წლიდან (თანამდებობრივი სარგო მითითებულია საშემოსავლოს ჩათვლით):
- პრეზიდენტი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
- პრემიერ მინისტრი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
- მინისტრი (კოეფიციენტი 8.5) - თვეში 13 600 ლარი, წლიურად 163 200 ლარი;
- მინისტრის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 7.50) - თვეში 12 000 ლარი, წლიურად 144 000 ლარი;
- მინისტრის მოადგილე (კოეფიციენტი 7.25) - თვეში 11 600, თვეში 139 200 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 9.2) - თვეში 14 720 ლარი, წლიურად 176 640 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 9) - თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 800 ლარი;
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.6) - თვეში 13 760 ლარი, წლიურად 165 120 ლარი;
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 8.3) - თვეში 13 280 ლარი, წლიურად 159 360 ლარი;
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.2) - თვეში 13 120 ლარი, წლიურად 157 440 ლარი;
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.5) - თვეში 13 600 ლარი, წლიურად 163 200 ლარი;
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.1) - თვეში 12 960 ლარი, წლიურად 155 520 ლარი;
- პარლამენტის წევრი (კოეფიციენტი 8) - თვეში 12 800 ლარი, წლიურად 153 600 ლარი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებაზე 20%-ის გამოკლების შემთხვევაში, მათი დარიცხული თვიური სარგო (ე.წ. ხელზე ასაღები ანაზღაურება) 12 800 ლარი, ხოლო წლიური 153 600 ლარი იქნება.
ამასთანავე, მინისტრების ყოველთვიური დარიცხული სარგო 10 880, ხოლო წლიურად - 130 560 ლარი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის წევრების თანამდებობრივ სარგოს, 2026 წლიდან საშემოსავლოს გარეშე, დეპუტატის შემოსავალი თვეში 10 240 ლარი გახდება, წლიური დარიცხული ანუ ხელზე ასაღები ხელფასი კი 122 880 ლარს გაუტოლდება.



