1746523049
„25 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ ოჯახის შექმნაში“ - რა ღირს „გაცნობა-დაოჯახების ცენტრში“ რეგისტრაცია

„გაცნობა-დაოჯახების ცენტრი“ 25 წელია ქართულ ბაზარზეა. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია მიმართვიანობა და რა ღირს მეორე ნახევრის მაძიებლის რეგისტრაცია. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ცენტრის დამფუძნებელი დავით ხიზანიშვილი აცხადებს, ისინი 25 წლის მანძილზე არაერთ ადამიანს დაეხმარნენ ოჯახის შექმნაში.
„დაოჯახების ცენტრი 2000 წლიდან არსებობს, პირველ ეტაპზე ჩვენ გვქონდა გაზეთი „სიყვარულის სამყარო“ და ჟურნალი „პაემანი“ და განცხადებებს ძირითადად მანდ ვანთავსებდით. შემდეგ შეიქმნა ეს ცენტრიც. მოდიან ადამიანები, რეგისტრირდებიან, უთითებენ რა ასაკის ადამიანს ეძებენ, მონაცემებში წერენ თავიანთ ასაკს, სიმაღლეს, ზოდიაქოს, რა ქონებას ფლობენ და ა.შ. ამ მონაცემების მიხედვით „გაცნობა-დაოჯახების ცენტრი“ ეხმარება ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში, შეხვედრის ორგანიზებაში მხოლოდ ოჯახის შექმნის მიზნით.
სტატისტიკას არ ვაწარმოებთ, თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ ოჯახის შექმნაში. ერთ წლიანი რეგისტრაციის საფასური 200 ლარია.“ - აღნიშნა დავით ხიზანიშვილმა.
ხიზანიშვილი ამბობს, რომ ადამიანებს ერთმანეთთან მთელის საქართველოს მასშტაბით აკავშირებს, მისი თქმით ამ ეტაპზე მარტო მუშაობს, რადგან გაცნობა დაოჯახების ცენტრი მხოლოდ საწევრო გადასახადით ფუნქციონირებს და მას არანაირი დონორი არ ჰყავს.
„ჩვენი ცენტრი ერთადერთია, რომელსაც 2004 წლიდან პატრიარქის კურთხევა აქვს, ძალიან კარგი იქნება თუ გამოჩნდებიან სპონსორები, ვინც დემოგრაფიული განვითარების ფონდს დაეხმარება,“ - აღნიშნა დავით ხიზანიშვილმა.